ქობულეთის მერი - სოფელ ჯიხანჯურში ცოფის გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს
ქობულეთის მერი - სოფელ ჯიხანჯურში ცოფის გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს

სოფელ ჯიხანჯურში ცოფის გავრცელებასთან დაკავშირებით არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს, – აცხადებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე.

მისივე თქმით, ცოფის ვირუსის სალიკვიდაციოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ​ყველა აუცილებელი საკარანტინო ღონისძიება გატარდა. ქობულეთის მერის განმარტებით, ეს ღონისძიებები არ გულისხმობს მოსახლეობის გადაადგილების რაიმე სახით შეზღუდვას.

„საკარანტინო ღონისძიებები გატარდა მხოლოდ ერთ სოფელში, ჯიხანჯურში და ეს არ გულისხმობს მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვას. ჯიხანჯური გამოცხადდა დროებით არაკეთილსაიმედო ტერიტორიად. საკარანტინო პერიოდი გულისხმობს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შინაური ცხოველების გასეირნება და გარეთ გამოშვება იკრძალება. იკრძალება სანადიროდ შინაური ცხოველების გაყვანა, თუმცა არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. ცოფი მხოლოდ რამდენიმე ცხოველს დაუდასტურდა, ადამიანზე გადაცემის ფაქტები არ ფიქსირდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარდა ცოფის გავრცელების საწინააღმდეგო ყველა ღონისძიება. შემთხვევის ადგილიდან ორი-სამი კილომეტრის რადიუსში აიცრა ყველა შინაური ცხოველი და ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანი“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

საკარანტინო პერიოდი ბოლო შემთხვევიდან 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ცოფის ბოლო შემთხვევა 11 იანვარს დაფიქსირდა. ქობულეთის მერის განცხადებით, მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ არ გაიტანონ რძის პროდუქტები ბაზარზე, სახლში გამოყენების დროს კი, პრევენციის მიზნით, უნდა მოხდეს რძის პასტერიზება და დუღილი მინიმუმ ხუთი წუთის განმავლობაში.