ქობულეთის ფიჭვნარში სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ
ქობულეთის ფიჭვნარში სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

ქობულეთის ფიჭვნარში სასტუმრო „ჯორჯია პალასის“ გვერდით ადგილობრივები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად ახალი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სასტუმრო სანაპიროზე გადასასვლელ ტერიტორიას გადაკეტავს, რაც ადგილობრივებსა და ტურისტებს დისკომფორტს შეუქმნის.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს „კრისტალ ბილდინგი“ 29 300 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე 200-ნომრიან სასტუმროს აშენებას გეგმავს.

ოპოზიცია აღნიშნული ინვესტიციის განხორციელებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინტერესებს ხედავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მტკიცებით, ზურაბ პატარაძემ კომპანიას დამატებით უსასყიდლოდ 6 000 კვადრატული მეტრი სარგებლობაში გადასცა, სადაც ამ დროისთვის ინვესტორი ბეტონის საზღვარს აშენებს.

„კრისტალ ჰოლდინგში“ განმარტავენ, რომ ღობე სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით კეთდება და აღნიშნული ტერიტორიის მითვისებას არ გეგმავენ.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ტერიტორია სასტუმროს მშენებლობის უსაფრთხოების მიზნით შემოიღობა, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივებისა და ტურისტების ინტერესების გათვალისწინებით ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მერი მირიან ქათამაძე ოპოზიციას მოსახლეობის მიზანმიმართულ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს.