„ქიმია“ - საქართველოს პირველი არხი სერიალს იღებს

საქართველოს პირველი არხი ახალ ტელესერიალზე მუშაობს. გადაღებები არხის პავილიონში დაიწყო.

ახალ სერიალზე რეჟისორი ნინო დადვანი მუშაობს, რომელმაც სცენარი ირმა ჩუბინიძესთან ერთად დაწერა.

სერიალი სახელწოდებით „ქიმია“ სიმსივნით დაავადებული ქალების ისტორიებს გვიამბობს. ახალი პროექტის სატელევიზიო პრემიერა საქართველოს პირველი არხის ეთერში შემოდგომაზე არის დაგეგმილი. ავტორები ფიქრობენ, რომ სერიალი აქცენტს დასვამს არა მხოლოდ იმაზე, რომ სიმსივნური დაავადებები ჩვენს სინამდვილეში მეტისმეტად მოხშირდა, არამედ იმაზეც, რამდენად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და სწორი პროფილაქტიკა.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ სერიალების გადაღება არხის მნიშვნელოვანი განაცხადია.

„ჩვენ სერიალების გადაღების პრაქტიკას ვამკვიდრებთ და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება წარმატებული. ასეთ შემთხვევაში, გავაგრძელებთ კიდევ პრაქტიკას და ვფიქრობთ, რომ წელიწადში რამდენიმე სერიალი ვაწარმოოთ. გარკვეულწილად, ეს არის სიახლე ჩვენი არხის ცხოვრებაში. თავისთავად, ეს მაყურებლისთვისაც კარგი იქნება და ჩვენი არხისათვისაც“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

რეჟისორ ნინო დადვანის თქმით, ფილმი სრულად საქართველოს პირველი არხის ბაზაზე მზადდება.

„ჩვენი შიდა პროექტია. არაჩვეულებრივი პავილიონი მოეწყო ჩვენსავე ტერიტორიაზე, სადაც მოქმედების უმეტესი ნაწილი ხდება. უამრავი დრამატული სიუჟეტი განვითარდება და იმედი მაქვს, რომ მაყურებელს სიუჟეტი ჩაითრევს. ძალიან კარგი კასტინგი გვქონდა, არაჩვეულებრივი მსახიობები გვყავს. ყველანაირად ვეცადეთ, რომ პროფესიონალი, ნიჭიერი, როგორც ცნობილი, ისე ახალგაზრდა მსახიობები გვყოლოდა“, – განაცხადა ნინო დადვანმა.

სცენარის ავტორი ირმა ჩუბინიძე აღნიშნავს, რომ სერიალში ხვდებიან პაციენტები, რომლებიც არიან განსხვავებული ასაკის, განსხვავებული შეხედულებების, განსხვავებული განათლების მქონე.

„მათ აერთიანებთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ეს არის ცხოვრების გადამწყვეტი ბრძოლის ველზე ყოფნა და საერთო მიზანი – გადარჩენა. ჩვენი სერიალი სწორედ ამ ბრძოლას ეძღვნება, ცოდნას ამ ბრძოლის შესახებ, თუკი რომელიმე ჩვენგანს ან ჩვენს ახლობელს დასჭირდება მსგავსი განსაცდელის დაძლევა“, – განაცხადა ირმა ჩუბინიძემ.

დატოვე კომენტარი