ქიბარ ხალვაში - არ ვაპირებ, შევეხო „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას, არ ჩავერევი ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში, ცვლილება შეეხება მხოლოდ ნიკა გვარამიას
ქიბარ ხალვაში - არ ვაპირებ, შევეხო „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას, არ ჩავერევი ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში, ცვლილება შეეხება მხოლოდ ნიკა გვარამიას

არ ვაპირებ, შევეხო „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას, არ ჩავერევი ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში, ცვლილება შეეხება მხოლოდ ნიკა გვარამიას, რომელმაც წამართვა კომპანია, ის ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც გენერალური დირექტორის სტატუსით, – ამის შესახებ აღნიშნულია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებაში, რომელსაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას ნაცვლად კომპანიას ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია უხელმძღვანელებს.

ამასთან, ქიბარ ხალვაშის განცხადებით, დღეს საბოლოოდ გაიმარჯვა იმ ათობით ათასი თანამოქალაქის სახელით, ვისაც მოძალადე რეჟიმმა სხვადასხვა დროს წაართვა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომით მოპოვებული ქონება, შეულახა ღირსება.

„დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისთვის და დაადასტურა, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო. დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ და რომ ეს კომპანია მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამართვეს.

დღეს სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა მის მიერვე დაწესებული დროებითი შეზღუდვა. ახლა უკვე საბოლოოდ მოხსნილია უკანასკნელი ბარიერი, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტით დროებით ღონისძიების როგორც დაწესების, ისე გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დავიბრუნე ტელეკომპანია.

აქვე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ გარემოებას, რომ  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ტოვებს არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციის სივრცეს და ცალსახად ადასტურებს, რომ ეს გამარჯვება სამართლიან და კონკურენტულ ბრძოლაში მოვიპოვე და რომ საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული არც ერთი უფლება.

ბუნებრივია, ამ ეტაპზე მთავარი კითხვა, რაც ჩემ მიმართ შესაძლო,ა არსებობდეს, მდგომარეობს იმაში, რა იქნება ჩემი პირველი ნაბიჯები და როგორ წარმომიდგენია „რუსთავი 2“-ის მომავალი.

ამ კითხვაზე საკმაოდ მკაფიო პასუხი მაქვს!

არ ვაპირებ, შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული. არ ჩავერევი „რუსთავი2”-ის ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზრუნებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველნაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში.

იმედი მაქვს, კომპანიის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ „რუსთავი2“ იყოს წარმატებული და  პოპულარული არხი.

ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით. მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას – უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია.

მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, თანამებრძოლს და პირველ რიგში ჩემს ოჯახს ამ მრავალწლიან ბრძოლაში მხარდაჭერისა და თანადგომისათვის!

ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის გამარჯვება. მე, ქიბარ ხალვაშმა, დღეს საბოლოოდ გავიმარჯვე იმ ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის სახელით, ვისაც მოძალადე რეჟიმმა სხვადასხვა დროს წაართვა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომით მოპოვებული ქონება, შეულახა ღირსება!

ამ კონტექსტში, არ შემიძლია, პირველ რიგში არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისთვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში, საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი.

ამ ეტაპზე რთულია დეტალებზე საუბარი, რადგან პირველ რიგში, გასარკვევია, რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ“, – აღნიშნულია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.