ქეთი ყიფიანი - ფეხბურთის ფედერაცია ქალთა ფეხბურთში ორ ახალ პროექტს იწყებს #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) 31-ე ყრილობაზე ფეხბურთის განვითარების მენეჯერმა ქეთი ყიფიანმა ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია წარადგინა.
„ქალთა ფეხბურთის განვითარება 2015 წლიდან სფფ-ს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მას შემდეგ რეგულარულად ტარდება საქართველოს ჩემპიონატი, ფედერაციამ არაერთი მიზნობრივი პროექტი განახორციელა, რეგისტრირებულ ფეხბურთელთა რაოდენობა 120-დან 1624-მდე გაიზარდა. უკვე გვყავს 16 გუნდი, 5 მწვრთნელი, რომელთაგანაც ერთი პროლიცენზიას გადის. ასევე გვყავს 11 ქალი მსაჯი. წელს ჩემპიონატი პირველად ტარდება ორ ლიგაში. ჩვენი მიზანია, რომ ქალთა ფეხბურთი გოგონებში ნომერ პირველ სახეობად გადავაქციოთ“, – განაცხადა ქეთი ყიფიანმა.
მან იმ ორი პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელსაც სფფ მომავალში განახორციელებს.
„ეს ოთხწლიანი პროექტია და 7 მიმართულებას მოიცავს. მნიშვნელოვანია, გოგონები მაქსიმალურად პატარა ასაკიდან ჩაერთონ. შესაბამისად, სფფ იწყებს ორ ახალ პროექტს – პირველი არის „პლეიმიექერსი“, რომელიც უეფა-ს და დისნეის ერთობლივი პროექტია და ფეხბურთში 5-დან 8 წლამდე ასაკის გოგონების ჩართულობას ითვალისწინებს. მეორეა „ფეხბურთი სკოლებში“, რომელიც საჯარო სკოლებში 10 წლიდან ბიჭების და გოგონების ფეხბურთში ჩართულობას გულისხმობს“.
ქეთი ყიფიანმა უახლოესი წლების მიზნებზე ილაპარაკა.
„ამ პროექტით მოხდება ტალანტების აღმოჩენა და განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ლიგის და ეროვნული ნაკრებების განვითარებასაც. ვარჯიშების უმრავლესობა ფედერაციის კუთვნილ სტადიონზე მოხდება. ჩვენი მიზანია, რომ 2024 წლისთვის გვყავდეს მინიმუმ 4000 მოთამაშე, 20 კვალიფიციური მწვრთნელი, მსაჯი და ამდენივე გუნდი“.