ქეთი მსხილაძე - ნებისმიერ კომპანიაში ხდება გაშვება, მიღება, ოპტიმიზაცია, რეფორმირება, რეორგანიზაცია, მაგრამ მთავარია, ეს მოხდეს სამართლიანად
ქეთი მსხილაძე - ნებისმიერ კომპანიაში ხდება გაშვება, მიღება, ოპტიმიზაცია, რეფორმირება, რეორგანიზაცია, მაგრამ მთავარია, ეს მოხდეს სამართლიანად

ნებისმიერ კომპანიაში ხდება გაშვება, მიღება, ოპტიმიზაცია, რეფორმირება, რეორგანიზაცია, მაგრამ მთავარია, ეს მოხდეს სამართლიანად,-ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ქეთი მსხილაძემ განაცხადა.

სამეურვეო საბჭოს წევრები ნინია კაკაბაძე და ქეთი მსხილაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლებს შეხვდნენ, რომლებსაც მაუწყებლის მენეჯმენტმა შრომის ახალი პირობები შესთავაზა.

„როგორც ვხედავ, ამ ადამიანებისთვის არ განუმარტავთ დეტალურად, უბრალოდ უთხრეს, რომ არის რეორგანიზაცია, მაგრამ ეს ოპტიმიზაცია რას ემსახურება, როგორ მოხდება შემდეგ ამის გაკეთება, არავის განუმარტავს. რის საფუძველზე, რა კრიტერიუმებით გაათავისუფლეს ეს ადამიანები, ვერ გავიგე.

მართალია, მენეჯმენტს შევხვდები და დამატებით ინფორმაციას მივიღებ მათგან, მაგრამ ეს ადამიანები როგორც ამბობენ, როგორც ჩანს, ვიღაცის პირადი სურვილით და გადაწყვეტილებით შეირჩნენ და უშვებენ მათ.

ასე რომ, მათ აქვთ უსამართლობის განცდა, რაც არის სრულიად ბუნებრივი და გასაგები. ვფიქრობ, რომ მენეჯმენტმა მეტი პასუხისმგებლობით უნდა შეხედოს ამ საკითხს და ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი სერიოზულობა და გულისხმიერება გამოიჩინოს“,- განაცხადა ქეთი მსხილაძემ.

ამასთან, სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა პირველი არხის შენობასთან აქცია გამართეს და ვითარებაში გასარკვევად მაუწყებლის მენეჯმენტთან შეხვედრა მოითხოვეს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდნენ, დანარჩენებს კი მაუწყებელმა შესთავაზა შრომითი ხელშეკრულების ცვლილება.