ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის მხარდასაჭერად ონლაინ კონცერტს გამართავს
ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის მხარდასაჭერად ონლაინ კონცერტს გამართავს

ბრიტანეთში მოღვაწე მუსიკოსი ქეთი მელუა 27 ივნისს, 22:00 საათზე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდასაჭერად „იუთუბზე“ (Youtube) საქველმოქმედო ონლაინ კონცერტს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.

„ამ უცნაურ პერიოდში, ვცდილობდი, მომეფიქრებინა, რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს რამეში გამოვადგე. გადავწყვიტე შევუერთდე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომელიც შთამბეჭდავ სამუშაოს სწევს საქართველოში „კოვიდ-19“-ის კრიზისის პერიოდში“, – განაცხადა ქეთი მელუამ.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ქეთი მელუას ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვექნება ერთობლივი ძალებით მოვახდინოთ „კოვიდ-19“-ის შედეგებზე რეაგირება. საქართველოს მასშტაბით წითელი ჯვრის 39 ფილიალი მოხალისეების ჩართულობით ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ჰუმანიტარულ საქმიანობებს. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და მოგიწოდოთ ყველას, ჩაერთოთ ქეთი მელუას საქველმოქმედო კონცერტში“, – განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ.

„კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისის დაწყებისთანავე, საქართველოს წითელი ჯვარი აქტიურად მონაწილეობს მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ამასთან ორგანიზაციის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 80 000-მდე ამანათი დაარიგა და კვლავ აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მხარდაჭერას.