ქეთი დუმბაძე - ჩვენს ღირსებას ძალიან მწარედ შეეხნენ და მაშინ მოვიდა სწორედ „ქართული ოცნება“, ამიტომ აღმოვჩნდი ამ გუნდში, რადგან ღირსებაშელახულ ცხოვრებას ჯობია, საერთოდ არ იყო
ქეთი დუმბაძე - ჩვენს ღირსებას ძალიან მწარედ შეეხნენ და მაშინ მოვიდა სწორედ „ქართული ოცნება“, ამიტომ აღმოვჩნდი ამ გუნდში, რადგან ღირსებაშელახულ ცხოვრებას ჯობია, საერთოდ არ იყო

ჩვენ ზღვარზე ვიყავით, ჩვენს ღირსებას ძალიან მწარედ შეეხნენ, მაშინ მოვიდა და გაჩნდა „ქართული ოცნება“, ამიტომ აღმოვჩნდი ამ გუნდში, რადგან ღირსებაშელახულ ცხოვრებას ჯობია, საერთოდ არ იყო, – ამის შესახებ დეპუტატმა ქეთი დუმბაძემ ჩოხატაურში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დავით შარაშიძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ქეთი დუმბაძემ აღნიშნა, გურია ის კუთხეა, სადაც გაწყვეტილი შუბლის ძარღვით ვერ მიხვალ, ტყუილს ვერ იტყვი, ვერ დადებ პირობას, რომლის შესრულებაც არ შეგიძლია.

„ჩემთვის ყველაზე საპასუხიმგებლო ტრიბუნა ის არის, სადაც გურულები სხედან. მე მათ წინაშე უნდა დავდგე, რადგან სისხლით, ჯიშით და მოდგმით, ვალდებული ვარ, მადლიერი ვარ თქვენი. მე სიკვდილამდე მადლიერი ვიქნები და ბევრჯერ მითქვამს ეს თქვენთვის, ჩემი ობოლი მამისთვის, რომელიც გაზარდეთ. ხუთი წელი იცხოვრა ამ კაცმა გურიაში და მთელი ცხოვრება წერა გურიაზე, თქვენი დამსახურებაა ნოდარ დუმბაძე. ძალიან მიჭირს თქვენთან საუბარი. მამას სიტყვებით გავბედავ საუბარს, გამახსენდა ერთი ციტატა –  ადამიანმა შეიძლება, ყველაფერს გაუძლოს, უფულობას, უპურობას, უტანსაცმელობას, მაგრამ ღირსების შელახვას ვერასდროს გაუძლებს. ჩვენ, როდესაც ზღვარზე ვიყავით და ჩვენს ღირსებას ძალიან მწარედ შეეხნენ, მაშინ მოვიდა და გაჩნდა „ქართული ოცნება“, იმიტომ აღმოვჩნდი ამ გუნდში, რადგან ღირსებაშელახულ ცხოვრებას ჯობია, რომ საერთოდ არ იყო, ან უნდა იბრძოლო, რათა ეს ყველაფერი გამოასწორო და ყველაფერი გააკეთო, რათა არც ერთი ადამიანის ღირსებას უდიერად არ მოეპყრან. ეს ის კუთხეა, სადაც, ისევ მამას სიტყვებით ვიტყვი, შუბლისძარღგაწყვეტილი ვერ მოხვალ, აქ ტყუილს ვერ იტყვი, აქ ვერც პირობას დადებ ტყუილს, რომლის შესრულებაც არ შეგიძლია. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად რვა წელიწადია, ყველა არჩევნებზე ასე დავდივარ, სულ ვღელავდი, რომ ადამიანებთან ისეთი პირობა არ დავდო, მერე ვერ შევასრულო ან ვიღაცას თუნდაც ტელეფონზე ვერ ვუპასუხო, მხარში არ დავუდგე, მაგრამ სულ ვიცოდი, მე რომ ვთხოვდი, აქ ვინმეს გურიაში, მიშველე ჩემს ახლობელს ეს სჭირდება, იმას რაღაც გაუჭირდა, ყოველთვის იყო თანადგომა. ვიარეთ რვა წელიწადი, შვიდჯერ მოვიგეთ, მერვე არჩევნებია და რა თქმა უნდა, მოვიგებთ, რადგან ეს გუნდი დადის სიმართლით, კაცთმოყვარეობით. იმდენი ვიარე, რომ პარლამენტში აღმოვჩნდი და იქ უფრო დავრწმუნდი, რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ“, – განაცხადა ქეთი დუმბაძემ.