ქეთევან წამებულის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 დეკემბერს დასრულდება

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს ქეთევან წამებულის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გააკეთა და გაჭიანურებული სამუშაოებისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისნის რაიონში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მინდა, გაჩვენოთ რა მასშტაბებზეა საუბარი – აქ მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც სამწუხაროდ დიდი ხანია გრძელდება. ამას აქვს თავისი მიზეზი. დღის განმავლობაში არ გვაქვს უფლება, ვაწარმოოთ სამუშაოები უსაფრთხოებიდან გამომდინარე და მოძრაობის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, რის გამოც სამუშაოები ღამის საათებში ხორციელდება. მინდა, ბოდიში მოვუხადო აქ მცხოვრებ ადამიანებს, მძღოლებს, ვინც ავტომობილით გადაადგილდება. ხშირია შემთხვევები, როცა საცობები, სწორედ, ამ სამუშაოების გამო იქმნება. გაძლევთ პირობას, რომ 5 დეკემბრისთვის ეს სამუშაოები დასრულდება და პრობლემა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას საცობებთან და ხმაურთან დაკავშირებით, ძალიან მალე მოგვარდება. ეს კონკრეტული მილსადენი, სანიაღვრე სისტემა ათეული წლები გაძლებს და მოემსახურება ისნის რაიონს. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო აქ მცხოვრებ ადამიანებს, მძღოლებს. 5 დეკემბერს ეს ყველაფერი დასრულდება“, – ნათქვამია კახა კალაძის ვიდეომიმართვაში.