ქეთევან სარაჯიშვილი - პრობლემას ვხედავთ, ვაცნობიერებთ და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაწყებულია, რათა ქუჩაში ნაკლები ბავშვი ვიხილოთ
ქეთევან სარაჯიშვილი - პრობლემას ვხედავთ, ვაცნობიერებთ და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაწყებულია, რათა ქუჩაში ნაკლები ბავშვი ვიხილოთ

როცა ქუჩაში მოწყალების მთხოვნელ ან სხვადასხვა ნივთის გამყიდველ ბავშვს ვხედავთ, არ შეიძლება, ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ ეს ტრეფიკინგის შემთხვევაა, თუმცა შეიძლება, ეს ბავშვები რისკის ჯგუფში გავიყვანოთ, – განაცხადა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან სარაჯიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსი კიდევ ერთი სახის დანაშაულს იცნობს, რომელიც შედარებით უფრო მსუბუქ სანქციას ითვალისწინებს, ვიდრე არასრულწლოვნის იძულებითი შრომა.

„ეს არის არასრულწლოვნის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა. სამართალდამცველები საკმაოდ აქტიურად რეაგირებენ, რათა არასრულწლოვნის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, მათ შორის, ქუჩაში მათხოვრობაში ჩაბმასთან დაკავშირებით შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღონ“, – განაცხადა სარაჯიშვილმა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქუჩაში რაც შეიძლება, ნაკლები ბავშვი ვიხილოთ, ქეთევან სარაჯიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, უწყებათაშორისი პლატფორმის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით კონცეფციური დოკუმენტი მუშავდება, რომელიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხზეა მიმართული და ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვას ითვალისწინებს.

„დოკუმენტი ასევე მოიცავს პრობლემის ანალიზს. იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირის ქვეყნებიდან საკანონმდებლო ბაზა გამოითხოვა იმისთვის, რათა ვნახოთ, როგორ უმკლავდებიან ეს ქვეყნები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემას. პრობლემას ვხედავთ, ვაცნობიერებთ და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაწყებულია, რათა ქუჩაში ნაკლები ბავშვი ვიხილოთ“, – განაცხადა ქეთევან სარაჯიშვილმა.