ქეთევან სარაჯიშვილი - 2016 წლამდე, ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს კანონით გათვალისწინებული ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდათ
ქეთევან სარაჯიშვილი - 2016 წლამდე, ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს კანონით გათვალისწინებული ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდათ

ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, ან მოწყალებას ითხოვენ, 2016 წლამდე, სამართლებრივი ბაზისიდან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის არ არსებობდნენ, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან სარაჯიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ ბავშვებს არ ჰქონდათ ოფიციალური სტატუსი, რომელიც კანონმდებლობით იქნებოდა გათვალისწინებული. სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც უწყებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობდა, საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა და ამ ბავშვებს მიუსაფარის სტატუსი მიენიჭათ“, – განაცხადა სარაჯიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა სტატისტიკური მონაცემები, რამდენ ბავშვს მიენიჭა მიუსაფარის სტატუსი და რა შეიცვალა მათთვის ამით, ქეთევან სარაჯიშვილმა განაცხადა, რომ 2016 წლის აგვისტოდან დღემდე, საიდენტიფიკაციო დოკუმენტი 25-მდე ბავშვს მიენიჭა, ოფიციალური სტატუსი კი სახელმწიფოს ანიჭებს უფლებამოსილებას, ეს ბავშვები სოციალურ, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის პროგრამებში ჩართოს.

„ქუჩაში ბავშვების იდენტიფიცირებას სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური მობილური ჯგუფები ახდენენ. სტატისტიკა მზარდია, რაც კარგია იმდენად, რამდენადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ მიმართვიანობა იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვების ქუჩაში იდენტიფიცირება სოციალური მუშაკების მიმართ ბავშვების ნდობა და სერვისებში მათი ჩართულობა ეტაპობრივად იზრდება“, – განაცხადა ქეთევან სარაჯიშვილმა.