ქეთევან ნატრიაშვილი - უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის გადახედვის პროცესი მიმდინარეობს
ქეთევან ნატრიაშვილი - უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის გადახედვის პროცესი მიმდინარეობს

მიმდინარეობს უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის გადახედვის პროცესი და მზად ვართ, კერძო სექტორთანაც ვითანამშრომლოთ, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ვაპირებთ, გავაანალიზოთ და ვნახოთ, რამდენად შედეგიანი იყო სტუდენტური სესხების 10–წლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სესხები მხოლოდ და მხოლოდ კერძო სექტორის დახმარებით გაიცა. ჩვენ სხვადასხვა მოდელის სრულყოფილ ანალიზს ვგეგმავთ. განიხილება არამხოლოდ კერძო სექტორზე დელეგირებული სტუდენტური სესხების მოდელი, არამედ ის მოდელიც, როცა თანადაფინანსებაში სახელმწიფოც შედის. გადაწყვეტილებას მონაცემებისა და რესურსების გადახედვის შემდეგ მივიღებთ“, – განაცხადა ნატრიაშვილმა.

მისი თქმით, სტუდენტური სესხების საქართველოში არსებული მოდელი სესხის მეოთხე კურსიდან დაფარვას გულისხმობდა და ამჟამად მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება, თუ რამდენად მოახერხეს სტუდენტური სესხების მქონე სტუდენტებმა თანხების ბანკებისთვის დაბრუნება. 

„საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად სრულყოფილი ანალიზი გვჭირდება. თუმცა, სახელმწიფოს აქვს ნება, ამ ეტაპზე არსებული დაფინანსების მოდელი გადაიხედოს. პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგროვებული გვაქვს და ანალიზის შედეგად ვფიქრობთ, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებას საკმაოდ მისაღებ პირობებს შევთავაზებთ“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ.

როგორც ქეთევან ნატრიაშვილმა აღნიშნა, პრიორიტეტი ხარისხიანი განათლების მიღება იქნება და უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით სახელმწიფოს გარკვეული მონახაზი წლის ბოლოსთვის ექნება.

დატოვე კომენტარი