ქეთევან ნატრიაშვილი - უკეთესი საინფორმაციო კამპანია უნდა ვაწარმოოთ, რათა ბიზნესსექტორმა იცოდეს, რა კეთდება პროფესიულ განათლებაში
ქეთევან ნატრიაშვილი - უკეთესი საინფორმაციო კამპანია უნდა ვაწარმოოთ, რათა ბიზნესსექტორმა იცოდეს, რა კეთდება პროფესიულ განათლებაში

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის, ქეთევან ნატრიაშვილის განცხადებით, დუალური განათლება განათლების მიღების ძალიან პრაქტიკული ფორმაა, როცა სტუდენტს შეუძლია, პარალელურ რეჟიმში ისწავლოს პროფესიულ სასწავლებელშიც და საწარმოში, ბიზნესშიც, სადაც კვალიფიციური სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ, კეთებით, პრაქტიკაში სწავლობს. ეს განცხადება ქეთევან ნატრიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას გააკეთა.

„უნდა ვაწარმოოთ უკეთესი საინფორმაციო კამპანია არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ ბიზნეს სექტორისთვისაც, რათა მათ იცოდნენ, რა კეთდება პროფესიულ განათლებაში. რამდენიმე წელია ბიზნესთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და მათთან ერთად რამდენიმე სასწავლებლის თანდაფუძნებაც კი მოვახდინეთ. დუალურ განათლებაში, სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში ისინი პარტნიორებად შემოდიან და სტიპენდიებსაც იხდიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბიზნესის წარმომადგენელთა გარკვეულმა რაოდენობამ პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით მაინც არაფერი იცის“, – განაცხადა ქეთევან ნატრიაშვილმა. 

გარდა ამისა, როგორც განათლების მინისტრის პირველა მოადგილემ აღნიშნა, მისთვის ძალიან საამაყოა პროფესიული სასწავლებლის წარმატებულ კურსდამთავრებულ, ჟურნალისტ გენო ოსიყმაშვილთან ერთად გადაცემაში ყოფნა.

„დარწმუნებული ვარ, გენო ოსიყმაშვილმა პროფესიულ სასწავლებელშივე ისწავლა მონტაჟი, გახმოვანება, ინტერვიუს აღება თუ სხვა საკვანძო საკითხები, რომელიც მას რეალურ სამუშაო გარემოში გამოადგა“, – განაცხადა ნატრიაშვილმა.