ქეთევან მესხიშვილი - ჩემი მიუკერძოებლობა საქმიანობითა და სამეცნიერო კვლევებით შეაფასეთ, ისეთი კითხვები არ დამისვათ, რაც უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს
გთხოვთ, ისეთი კითხვები არ დამისვათ, რაც უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ქეთევან მესხიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის კითხვებს.
კერძოს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა კანდიდატისგან, თუ რას ფიქრობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსანტების ნაწილისთვის საბჭოს წევრების მხრიდან შესაძლო ლობირების საკითხზე.
„თქვენ ხართ კანდიდატი, გიქმნით თუ არა დისკომფორტს ის გარემოება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში თქვენს კონკურენტს, შესაძლოა, ვინმე დაეხმაროს და ჰყავდეს ლობი. თქვენ არავინ გყავთ საბჭოში. სამართლებრივად, სტანდარტებიდან გამომდინარე, სწორად მიგაჩნიათ თუ არა, რომ საბჭოს წევრების ახლო ნათესავები კონკურსში მონაწილეობენ და თვითაცილებას არ აყენებენ?“ – კითხვით მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ქეთევან მესხიშვილს.
ნაზი ჯანეზაშვილის შემდეგ, კანდიდატს კითხვით საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმაც მიმართა.
„ქალბატონო ქეთევან, თქვენ უხერხულობას ხომ არ გიქმნით ის, რომ ქალბატონი ნაზიბროლას მეუღლე „ლიბერალის“ რედაქტორი იყო და მედიამხარდაჭერას უწევდა ქალბატონ ნაზიბროლას სასამართლო სისტემის ლანძღვა-გინებაში. უხერხულობას ხომ არ გიქმნით იუსტიციის საბჭოს ასეთი წევრი, რომელსაც ასეთი მედიამხარდაჭერა ჰქონდა ოჯახის წევრის მხრიდან?“, – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.
ქეთევან მესხიშვილმა აღნიშნა, რომ ის კონკურენტების შესახებ ვერ ისაუბრებს.
„მეგობრებო, ძალიან უხერხულია ჩემგან ამ საკითხებზე კომენტირება. არაეთიკურია. იმდენი კვლევით, სამეცნიერო საქმით და განსხვვებული აზრით ვარ მოსული, რომ ჩემს მიუკერძოებლობასაც შეაფასებთ, მედეგობასაც და განსხვავებული აზრის დაფიქსირების უნარსაც. ასევე შეაფასებთ იმის უნარსაც, რამდენად შემწევს სუბიექტურ ღირებულებებზე მაღლა დადგომა და ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ისეთი შეკითხვები, რაც საოცრად უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს, ბატონო სერგო თქვენც და ქალბატონო ნაზი თქვენც, არ დამისვათ. ეს არის კონკურსი და ისინი არიან ჩემი კონკურენტები, ამიტომ მე კომენტარისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა ქეთევან მესხიშვილმა.