ქეთევან ციხელაშვილმა თემაზე „სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია“ საჯარო ლექცია წაიკითხა
ქეთევან ციხელაშვილმა თემაზე „სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია“ საჯარო ლექცია წაიკითხა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ სტუდენტებთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თემაზე „სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია“ საჯარო ლექცია წაიკითხა.

აუდიტორიას, რომელსაც მესამე, მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები შეადგენდნენ, სახელმწიფო მინისტრმა „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ მოსარგებლე პირთათვის განკუთვნილი სტაჟირების პროგრამის დაწყების შესახებაც ამცნო, რომელზეც რეგისტრაცია სწორედ 8 ოქტომბერს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გასტანს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, უწყების მიერ, საქართველოს გაერო-ს ასოციაციასთან თანამშრომლობით შემუშავებული საჯარო სექტორში სტაჟირების პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (1+4 პროგრამის) მონაწილე სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი და იგი უკვე მესამე წელია, წარმატებით ხორციელდება. სტაჟირება წელიწადში ორჯერ – შემოდგომასა და გაზაფხულზე ცხადდება.

პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ, კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟირების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები პირველიდან ექვს თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. პროგრამა განკუთვნილია მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის, აგრეთვე მაგისტრანტებისა და კურსდამთავრებულთათვის.

რეგისტრაციის გავლა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე smr.gov.ge და საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე HR.GOV.GE არის შესაძლებელი.

როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.