ქეთევან ციხელაშვილმა სალომე სამადაშვილს მიმართა - არ მგონია, თქვენ ამ სფეროში ამდენი სალაპარაკო გქონდეთ
ქეთევან ციხელაშვილმა სალომე სამადაშვილს მიმართა - არ მგონია, თქვენ ამ სფეროში ამდენი სალაპარაკო გქონდეთ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც აქამდე არ გადადგმულა, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით.

ციხელაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ აღნიშნულთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის კითხვას უპასუხა.

სამადაშვილმა ციხელაშვილს შემდეგი კითხვა დაუსვა – „მაინტერესებს დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც დაბლოკა სანქციების საკითხი, მაშინ, როდესაც გასული სამი წლის მანძილზე 700-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე იქნა უკანონოდ დაკავებული, გასული 10 წლის მანძილზე საქართველოს 43 მოქალაქე არის მოკლული საოკუპაციო რეჟიმის მიერ და აქედან სამი – გასული სამი წლის მანძილზე. მაინტერესებს, როდესაც არ არსებობს სანქციების რეჟიმი რუსეთთან მიმართებაში, კონკრეტულად თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ, რა ზემოქმედების ბერკეტები გაქვთ თქვენ პირადად საოკუპაციო რეჟიმზე, რუსეთზე ან მათ მარიონეტულ რეჟიმზე, დაუსჯელად რომ თარეშობენ, იტაცებენ და კლავენ ჩვენს მოქალაქეებს, როდის მოუწია როდესმე რუსეთს რამე ფასის გადახდა, ან პოლიტიკური ან სამართლებრივი პასუხის გაცემა, როგორ გესახებთ, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები სანქციების დაბლოკვის რეჟიმში“.

აღნიშნულ კითხვაზე პასუხისას ციხელაშვილმა 2008 წლის კონფლიქტის დროს დაღუპულთა სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რასაც მისი თქმით, ხელისუფლება აკეთებს.

„თქვენ თქვით, 43 ადამიანი დაიღუპა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ალბათ, გულისხმობდით 2008 წელს 412 ადამიანი რომ დაიღუპა და პლუს ოთხი ადამიანი კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ჯერ ერთი, ეს მსხვერპლი, რაც არის, არის უბედურება და ახლა არ ვაპირებ ამ მონაცემებზე რამე ტიპის პოლიტიკურ განცხადებას. ეს ადამიანების ტკივილს უკავშირდება. თქვენ მკითხეთ, რა ფასს იხდის რუსეთი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საკითხი მაქსიმალურად იყოს დღის წესრიგში, ისეთ ნაბიჯებს ვდგამთ, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით, რომელიც არ გადადგმულა ადრე – სამართლებრივი ფასიც რომ გადაიხადოს საერთაშორისო სასამართლოებში, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისითაც, სამშვიდობო პოლიტიკის პროაქტიულობის თვალსაზრისითაც. ვუპირისპირდებით იმით, რომ არ ვართ მარტო რეაგირების რეჟიმში. რა თქმა უნდა, რუსეთის ოკუპანტია, მაგრამ არსებობს პოლიტიკა, რომელიც ამ ინტერესების გატარებაში  ხელს უწყობს ან არ უწყობს, ეწინააღმდეგება მაინც. არ მგონია, რომ თქვენ ამდენი სალაპარაკო გქონდეთ, ქალბატონო სალომე ამ სფეროში“, – მიმართა ციხელაშვილმა სამადაშვილს.

ამასთან, ციხელაშვილის თქმით, საქართველომ გადაიხადა სიცოცხლით, დაჭრილებით, დევნილებით, დაკარგული 130-ზე მეტი სოფლით.

„ეს არის უმძიმესი ფასი და ყოველდღე ვიხდით ამ ფასს. ეს ჩემი ყოველდღიური სამუშაოს ნაწილია. მე ამას ყოველდღე ვუყურებ, კი არ ვუყურებ მარტო, ვმუშაობ, როგორ დავეხმარო ამ ადამიანებს. არ შეიძლება, ამ თემებით სპეკულირება“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.