ქეთევან ციხელაშვილმა და კარლ ჰარცელმა გუგუტიანთკარში არსებული ვითარება განიხილეს
ქეთევან ციხელაშვილმა და კარლ ჰარცელმა გუგუტიანთკარში არსებული ვითარება განიხილეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე, სოფელ გუგუტიანთკარში ამ დროისთვის არსებული ვითარება განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა ელჩს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

მხარეებმა აგრეთვე მიმოიხილეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა, მისი განხორციელების მიმდინარეობა და შედეგები. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ნაბიჯებზე, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერისათვის დგამს.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩს ევროკავშირის მხრიდან გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე ხაზი გაესვა ევროკავშირის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორის ჩართულობისა და მხარდაჭერის როლს კონფლიქტის მოგვარების პროცესში.