ქეთევან ციხელაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიზნებს, რასაც ჩვენმა მოქალაქეებმა თავი შესწირეს, მივაღწიოთ მშვიდობიანად, აღარ დავუშვათ ომი და დაპირისპირება
ქეთევან ციხელაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიზნებს, რასაც ჩვენმა მოქალაქეებმა თავი შესწირეს, მივაღწიოთ მშვიდობიანად, აღარ დავუშვათ ომი და დაპირისპირება

მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, მათ თავგანწირვით, ბრძოლით, სიცოცხლის ფასად დაიცვეს საქართველოს ღირსება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, 11 წლის შემდეგ, საქართველოს კვლავ უწევს გამკლავება უმძიმეს შედეგებთან, რომელიც დადგა რუსეთის ინტერვენციისა და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად.

„პირველ რიგში, მინდა, თანაგრძნობა გამოვხატო ოჯახების მიმართ, ვინც ახლობლები დაკარგეს. მე მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, მათ თავგანწირვით, ბრძოლით, სიცოცხლის ფასად დაიცვეს საქართველოს ღირსება. ისინი იბრძოდნენ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის.

11 წლის შემდეგ, ჩვენ ისევ გვიწევს გამკლავება იმ უმძიმეს შედეგებთან, რომელიც დადგა რუსეთის ინტერვენციისა და შემდგომი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო კურსი“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის კურსი არის მშვიდობიანი.

„ჩვენი კურსი არის მშვიდობიანი, მშვიდობა არის ჩვენთვის უალტერნატივო, მთავარი პრიორიტეტი, რადგან ეს არის სასიცოცხლო ინტერესი ჩვენი ქვეყნისა. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მიზნებს, რასაც ამ ბიჭებმა, ჩვენმა მოქალაქეებმა თავი შესწირეს, მივაღწიოთ მშვიდობიანად, აღარ დავუშვათ ომი, დაპირისპირება,  ჩვენი საუკეთესო შვილების სისხლის დაღვრა. მშვიდობით, ძალიან პრინციპული პოლიტიკით დეოკუპაციის ხაზით, ერთი მხრივ, რუსეთთან მიმართებაში და მეორე მხრივ, შერიგებისა და მშენებლობის ხაზით, ჩვენ საზოგადოებასთან, რომლებიც დღეს საოკუპაციო ხაზებით არიან გახლეჩილი, აუცილებლად მივაღწევთ  მიზანს – ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებას“, – განაცხადა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.