ქეთევან ციხელაშვილი - „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ მოიცავს დამნაშავეებს, დანაშაულის და კრიმინალის მიმართ მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით
ქეთევან ციხელაშვილი - „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ მოიცავს დამნაშავეებს, დანაშაულის და კრიმინალის მიმართ მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით

საქართველოს დეკლარირებული აქვს კეთილი ზრახვები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ, რასაც ამყარებს ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო  თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ დამნაშავეებს მოიცავს და გაუგებარია, ვის აძლევს ხელს დამნაშავეების მფარველობა.

„მე გეტყვით, რომ საქართველოს დეკლარირებული აქვს კეთილი ზრახვები მოსახლეობის მიმართ, მათ შორის, საქმიანი ინიციატივები – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ამ ყველაფერს ამყარებს. ეს არის ჩვენი მოქმედების გეგმა და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც.

რაც შეხება სხვა საკითხებს, „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ მოიცავს დამნაშავეებს. დამნაშავეებთან ბრძოლა არის თემა, რომელიც არ უკავშირდება არანაირ ეთნიკურ ან პოლიტიკურ ხაზებს. გაუგებარია, ვის აძლევს ხელს დამნაშავეების ზურგს უკან დგომა და ხელის დაფარება. ის, რომ ოთხოზორიას  მკვლელი, კონკრეტულ პირი, დღეს თავისუფალია, არანაირ ადამიანურ ჩარჩოში არ ჯდება. დამნაშავე არის ყველგან დამნაშავე, დამნაშავეებს არ აქვთ ეთნიკურობა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, დანაშაულის და კრიმინალის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლება შეურიგებელი იქნება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალშიც ვიქნებით შეურიგებლები დანაშაულის და კრიმინალის მიმართ. შეურიგებლები იმის მიმართ, რომ მოსახლეობა იდევნებოდეს და მათ არ ჰქონდეთ უფლება საკუთარ სახლში დაბრუნების. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მოსახლეობა, რომელიც დააშორა მავთულხლართებმა, შერიგდნენ. ეს არის ორი სხვადასხვა რამ. დანაშაულთან შერიგებას არ ვაპირებთ, ოკუპაციასთან შერიგებას არ ვაპირებთ, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ერთმანეთის დაბრუნებას და ხალხის შერიგებას, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ევროკავშირის წარმომადგენელთან, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ტოივო კლაართან შეხვედრაზე დევნილთა დაბრუნების თემაზე გაერო-ში მიღებული რეზოლუციისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხები დააყენა. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ინიციატივები ამწვავებს თბილისის ურთიერთობებს სოხუმთან და ცხინვალთან.