ქეთევან ციხელაშვილი - სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებული 140 000-ზე მეტი საინფორმაციო მასალა დავბეჭდეთ, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დარიგდება
ქეთევან ციხელაშვილი - სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებული 140 000-ზე მეტი საინფორმაციო მასალა დავბეჭდეთ, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დარიგდება

უკვე დავბეჭდეთ 140 000-ზე მეტი საინფორმაციო მასალა: პოსტერი, სტიკერი, ასევე სპეციალური საგაზეთო გამოშვებები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რათა ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწვდინოთ ჩვენს მოსახლეობას, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საინფორმაციო მასალა ვრცელდება ეთნიკური უმცირესობებით დახალებულ მუნიციპალიტეტებში, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში.

მისივე განცხადებით, დღეს კახეთში 75 000-ზე მეტ მასალას გადასცემენ იმ სოფლებს, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. დღესვე მასალები დარიგდება სამცხე-ჯავახეთში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ გაიგოს პირველ რიგში მათთვის გასაგებ ენაზე, რასთან გვაქვს საქმე, რა რეკომენდაციები არსებობს დღეს, რასაც ავრცელებს საქართველოს მთავრობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. რას გულისხმობს ქვემო ქართლის, კერძოდ, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინე რეჟიმი. რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ამ რეკომენდაციის დაცვა პირველ რიგში მათი, მათი ოჯახების, თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად და იმისთვის, რომ ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევაში, რომლის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას. ჩვენი სახელმწიფო ცდილობს, ეფექტიანად გაუმკლავდეს. ჩვენ განვაგრძობთ საინფორმაციო უზრუნველყოფას. ამ საქმიანობაში გვერდით გვიდგანან ჩვენი პარტნიორები. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, კერძოდ, გაერო-ს ასოციაციას, აშშ-ის განვითარების სააგენტოს, ასევე სხვა პარტნიორებს. ჩვენ ამ ინფორმაციას ცოცხალ რეჟიმში რეკომენდაციების ფეხდაფეხ, აუცილებლად მივაწვდით ჩვენს მოსახლეობას, რასაც გასცემს საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო, ასევე, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ქეთევან ციხელაშვილის კომენტარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.