ქეთევან ციხელაშვილი - სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების დამგმობ რეზოლუციას პოლიტიკურად დიდი დატვირთვა აქვს
ქეთევან ციხელაშვილი - სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების დამგმობ რეზოლუციას პოლიტიკურად დიდი დატვირთვა აქვს

სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების დამგმობ რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის კონგრესში მომზადდა, პოლიტიკურად დიდი დატვირთვა აქვს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასადის რეჟიმის მხრიდან აღიარება საერთაშორისო არენაზე არაფერს ცვლის, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან პოზიციის გამოხატვა ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა მყარია.

„აშშ-ის კონგრესში მომზადებული რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ცხადია, გამომდინარეობს იმ შეუქცევადი პოლიტიკიდან, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები და ყველა ჩვენი პარტნიორი ატარებს წლების განმავლობაში. პირველ რიგში, ცალსახად არის მხარდაჭერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და დაგმობილია ყველა ის მოქმედება, რომელიც ამ პრინციპების ხელყოფისთვის ხორციელდება.

რეზოლუციაში ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტებია, მათ შორის რუსეთის ჩარევაზე, დაწყებული 90-იანი წლებიდან, 2008 წლისა და მიმდინარე დღეების ჩათვლით. ის საოკუპაციო პოლიტიკა, რომელიც მოსახლეობისთვის ყოველდღიური გამოწვევაა, ასევე განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ყველას წინააღმდეგ მუშაობს.

რაც მთავარია, ამ რეზოლუციას პოლიტიკურად დიდი დატვირთვა აქვს, რადგან ასადის რეჟიმის მხრიდან აღიარება არ ცვლის არაფერს საერთაშორისო არენაზე, მაგრამ კონკრეტული პოზიციის გამოხატვა, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, ძალიან მნიშვნელოვანია და არის იმის დემონსტრირება, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა მყარია. რუსეთის ძალისმიერი პოლიტიკის მიმართ ერთიანი პოზიცია აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების დამგმობი რეზოლუცია მომზადდა​.