ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოში რუსეთის მიერ აღმართული მავთულხლართები ბერლინის კედელივით დაიშლება
ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოში რუსეთის მიერ აღმართული მავთულხლართები ბერლინის კედელივით დაიშლება

საქართველოში რუსეთის მიერ აღმართული მავთულხლართები ბერლინის კედელივით დაიშლება, – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ეს იყო მთავარი გზავნილი, რომლითაც სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პორტუგალიაში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგა.

უწყების აპარატის ცნობით, სესია, სადაც ქეთევან ციხელაშვილი ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ვაირა ვიკე-ფრეიბერგასთან და ნობელის პრემიის ლაურეატ სვეტლანა ალექსიევიჩთან ერთად გამოვიდა, იმ გამოწვევებს მიეძღვნა, რომლებიც მსოფლიოს ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლისთავზე აქვს.

სესიის მოდერატორი იყო მწერალი და ცნობილი ჟურნალისტი, გერმანიაში, „ლოს-ანჯელეს თაიმსის“ სპეციალური კორესპონდენტი ერიკ კირშბაუმი.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სირთულეებზე, რომელთაც საქართველოს მოსახლეობას ოკუპაცია და ხელოვნური ბარიერები უქმნის. მიმოიხილა გამოწვევები, რომლებთან გამკლავებაც უწევს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას.

ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ მავთულხლართები სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო ძალისხმევით აუცილებლად დაიძლევა.

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის სტუმრები იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები, წამყვანი გამოცემების ჟურნალისტები და სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი და ყოფილი მეთაურები. მათ შორის, პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დი სოზა, ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი.

ინფორმაციას საერთაშორისო კონფერენციაზე  ქეთევან ციხელაშვილის მონაწილეობის შესახებ, სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.