ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს პასექის დღესასწაულს ულოცავს
ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს პასექის დღესასწაულს ულოცავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს პასექის (ფესახი) დღესასწაულს ულოცავს.

„გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს – პასექს, რომელიც ებრაელთა მონობისგან თავის დაღწევის, ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების აღმნიშვნელია. ამ დღეს დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან იგი ხაზს უსვამს ებრაელი ხალხის თავისუფლებისმოყვარე ბუნებას.

ვისურვებდი, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახში იყოს მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა.

ქართველებისა და ებრაელების მეგობრობა უნიკალური და უძვირფასესია და მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ებრაელი მოქალაქეების კულტურა და რელიგია კი ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში საქართველო ებრაელების სამშობლოა და მათი კულტურა და რელიგია ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მდიდარსა და მრავალფეროვანს ხდის. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ჯანმრთელობას და მჯერა, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად დავძლევთ“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

პასექი, ანუ ფესახი ებრაული და სამარიული დღესასწაულია, რომელიც ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობიდან გამოხსნას ეძღვნება. ეს ბიბლიური დღესასწაული ძვირფასი და მნიშვნელოვანია ყველა ებრაელისთვის. ამ დღეს მორწმუნეები ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ნიშნად უფლისგან მოსულ ხსნას ზეიმობენ და იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.