ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს მთავრობა აკეთებს ღია და ქმედით განაცხადს, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი არის ურყევი
ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს მთავრობა აკეთებს ღია და ქმედით განაცხადს, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი არის ურყევი

საქართველოს მთავრობა აკეთებს ღია და ქმედით განაცხადს იმის თაობაზე, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი არის ურყევი და არსებულ გამოწვევებს ვუპირისპირდებით მშვიდობით, განვითარებით, პრინციპულობით, თანმიმდევრულობით და ძალიან კონკრეტული ნაბიჯებით – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს წარმოდგენილ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს დავამტკიცეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რითაც საქართველოს მთავრობა დგამს ახალ, პროაქტიულ და მნიშვნელოვან ნაბიჯს შერიგებისა და ჩართულობის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში.

25 წელია, რაც ჩვენ გადაუჭრელი კონფლიქტი გვაქვს. 2008 წლიდან შექმნილი მძიმე მდგომარეობა კი სერიოზულ გამოწვევებს უქმნის უკვე 10 წელია, ხელოვნური გამყოფი ხაზების როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ამ ვითარების სიმძიმე და სიმწვავე კიდევ ერთხელ გამოვლინდა იმ უდიდესი ტრაგედიის ფონზე, რაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას და მისი ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურებულ პროცესს უკავშირდებოდა.

იმ მძიმე დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ მსგავსი ქმედებები მიმართულია გარკვეულწილად დაძაბულობის ესკალაციის, ხალხთა შორის დაპირისპირების და შუღლის გაღვივების, დაშორიშორების გაღრმავების და სამშვიდობო კურსის წინააღმდეგ, რაც არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების, არამედ ყველას უსაფრთხოების და მშვიდობიანი მომავლის წინააღმდეგაც არის მიმართული, იქნებიან ესენი ქართველები, ოსები თუ აფხაზები. სწორედ ამიტომ და ამის სრული გაცნობიერებით, დღეს საქართველოს მთავრობა აკეთებს ღია და ქმედით განაცხადს იმის თაობაზე, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი არის ურყევი და არსებულ გამოწვევებს ვუპირისპირდებით მშვიდობით, განვითარებით, პრინციპულობით, თანმიმდევრულობით და ძალიან კონკრეტული ნაბიჯებით“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, იმიტომ ქვია ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომ ხელისუფლების სურვილია, გზა გაეხსნას დიალოგს საზოგადოებების სხვადასხვა წარმომადგენელთა ფართო მონაწილეობით.

„ერთი მხრივ, ჩვენ ვიქნებით სრულიად შეურიგებელი ადამიანების, მათი უსაფრთხოების და სიცოცხლის წინააღმდეგ გამიზნული ქმედებების მიმართ, მეორე მხრივ, გადავდგამთ კიდევ უფრო დინამიურ ნაბიჯებს დაშორიშორებული საზოგადოებების ნდობის მშენებლობისა და შერიგების მიმართულებით მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროების, პრაგმატული ინტერესების, მათი სწრაფვის გათვალისწინებით უკეთესი მომავლისკენ.

სწორედ ამიტომ ქვია ამ ინიციატივას – ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ და გვსურს, ამით გზა გავუხსნათ დიალოგს საზოგადოებების სხვადასხვა წარმომადგენელთა ფართო მონაწილეობით და ამგვარად ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე და კონფლიქტის სრულმასშტაბიანად მოგვარებაზე.

ეს არის შესაძლებელი და ზუსტად ასეთ ნაბიჯებს დგამს საქართველოს მთავრობა, მოქნილი და პრაგმატული ნაბიჯებით ქმნის საფუძველს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ხელშესახები სარგებლის, გამყოფი ხაზის ირგვლივ კონტაქტების გამყარების, მიმოსვლის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების ხელშესაწყობად“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა –  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;  მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;  მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.

დატოვე კომენტარი