ქეთევან ციხელაშვილი - ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით საკუთრებაზე ნებისმიერი გარიგება ბათილია
ქეთევან ციხელაშვილი - ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით საკუთრებაზე ნებისმიერი გარიგება ბათილია

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის მემკვიდრეობის მიღების აკრძალვა არ არის გასაკვირი. მინისტრის თქმით, ბევრი ადამიანის უფლება ისედაც არის შელახული, საკუთრების უფლებები დარღვეულია, იქიდან გამომდინარე, რომ 300 ათას ადამიანს საკუთარ სახლში დაბრუნების საშუალება არ აქვს.

„გალში მცხოვრებ მოსახლეობას აყრილი აქვს ყველა უფლება. ეს ე.წ. გადაწყვეტილება შეიძლება განვიხილოთ საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებად. საკუთრების უფლება გამყარებულია საერთაშორისო სამართლით. ნებისმიერი გარიგება საკუთრებაზე არის ბათილი საქართველოს კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ეს არის ძალიან პრინციპული მუხლი. ამ გადაწყვეტილებას ვერ ექნება ლეგალური საფუძველი, ვერ იქნება ეს სამართლებრივი და ვერ იქნება მომავალში ის ასეთად განხილული“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ოკუპირებულ აფხაზეთში მემკვიდრეობის მიღების უფლება აღარ ექნება. შესაბამისი კანონი პირველი მოსმენით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო.