ქეთევან ციხელაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ და მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს
ქეთევან ციხელაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ და მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ და მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, – ასეთ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთ-საქრთელოს ომის მე-11 წლისთავათან დაკავშირებულ საერთაშორისო გამოხმაურებებზე.

„იმ განცხადებებით, რომლებიც ამ დღეებში გავრცელდა, ჩვენმა პარტნიორებმა ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმ მიზნებისთვის, რომლისკენაც ჩვენ მშვიდობიანად და თანმიმდევრულად მივისწრაფვით, ეს არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანება“,-განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, აღსანიშნავია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს.

„მათ შორის დღეს არსებულ ვითარებაზეც, იმ შედეგებზე, რომლებიც დადგა 2008 წლის ინტერვენციის და უკვე მიმდინარე ოკუპაციის შედეგად. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ხაზგასასმელი გზავნილი არის ის, რომ მათ კიდევ ერთხელ აღგვითქვეს სრული მხარდაჭერა, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ფაქტობრივად აღდგენილი არ იქნება, ანუ ქვეყნის დეოკუპაცია არ მოხდება. ჩვენ ეს პროცესი წარმოგვიდგენია ცალსახად მშვიდობიანად“,- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მხრიდან არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება ვინმეს გასაღიზიანებლად.

„ჩვენ, როგორც ქვეყანა, სახელმწიფო და საზოგადოება არავის წინააღმდეგ არ ვართ სამეზობლოში, არც რუსეთის, ცხადია. ჩვენი ყველა მისწრაფება არის ჩვენი საზოგადოების არჩევანი და გზა იმისკენ, რომ თავისუფლება და სუვერენიტეტი უზრუნველვყოთ. ჩვენ ურთიერთპატივისცემა, თუ კეთილმეზობლური ურთიერთობა გვესმის პირველ რიგში, როგორც მეზობლების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის პატივისცემა. ამ პრინციპს განვიხილავთ საბაზისოდ მომავალშიც.

„რაც შეეხება რამე ტიპის ჩვენს ურთიერთობებს, უკვე ქართულ-აფხაზურსა და ქართულ-ოსურს, აქ ჩვენ არა მხოლოდ მზაობა და შეთავაზებები გვაქვს დიალოგზე, ცხადია აპოლიტიკურად, არამედ კონკრეტულ სფეროებზე. უამრავი სფეროა მონიშნული, რის გარშემოც შეიძლება, წარიმართოს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური დიალოგი. ჩვენ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მთავარია, ამას ხელი არ შეეშალოს“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.