ქეთევან ციხელაშვილი - საბოლოო პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას არსებულ ვითარებაზე შეუძლია აიღოს მხოლოდ მაშინ, როცა დასრულდება დეოკუპაცია
ქეთევან ციხელაშვილი - საბოლოო პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას არსებულ ვითარებაზე შეუძლია აიღოს მხოლოდ მაშინ, როცა დასრულდება დეოკუპაცია

მნიშვნელოვანი იყო, რომ მოხერხდა ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენება და მოგვეცა შესაძლებლობა, მიუკერძოებელი და სანდო ექსპერტიზა ჩაგვეტარებინა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, გალში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

ციხელაშვილის განცხადებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპლექსური ექსპერტიზის შედეგები საზოგადოებაში არსებულ კითხვებს გასცემს პასუხს, მათ შორის, თვითმკვლელობის ვერსიაზე.

„მთავარი კითხვა აქ ეს არის, რა გარემოებებში გარდაიცვალა ირაკლი კვარაცხელია და რამდენად არის ფაქტად მისაღები ინფორმაცია, რომელიც ჩვენ თავდაპირველად მივიღეთ. რა თქმა უნდა, ამის პარალელურად ჩვენ ოჯახთან გვაქვს კომუნიკაცია, მის ნათესავებთან. მაქსიმალურად ვუდგავართ გვერდში. ირაკლი კვარაცხელიას ჰყავს შვილი და ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაც არის და უკვე გადადგმულია ამ მხრივ ნაბიჯები, რომ ამ პატარას დავეხმაროთ. ირაკლი კვარაცხელიას ხვალ სენაკში დაკრძალავენ”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ჩართულია ყველა ოპერატიული მექანიზმები, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმი ამოქმედდეს.

როგორც სახელმწიფო მინისტრი ამბობს, საბოლოო პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე შეუძლია მხოლოდ მაშინ აიღოს, როდესაც დასრულდება დეოკუპაციის პროცესი.

„ეს არის მაღალი პრიორიტეტები. საბოლოო პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას არსებულ ვითარებაზე შეუძლია აიღოს მხოლოდ მაშინ, როდესაც დასრულდება დეოკუპაციის პროცესი. სამწუხაროდ, საბოლოოდ დაზღვეული იმისგან, რომ საოკუპაციო რეჟიმი არ დაარღვევს ადამიანის უფლებებს და ეს მის ბუნებას არ შეეთავსება, საუბედუროდ, ამისი გარანტიები არ არსებობს”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

დატოვე კომენტარი