ქეთევან ციხელაშვილი - რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ ევროპაში უსაფრთხოებისთვის აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა
ქეთევან ციხელაშვილი - რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ ევროპაში უსაფრთხოებისთვის აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას დიდ გამარჯვებას უწოდებს. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, რეზოლუცია მიუთითებს იმ პრობლემებზე, რომელიც მთავარ გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპული უსაფრთხოებისთვის .

„ეს ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რუსეთის აგრესიის 10 წლისთავზე. ზუსტად იმ ჭრილში, რომ 10 წელია, რაც ღია და განგრძობადი ოკუპაცია გვაქვს. ეს რეზოლუცია მიუთითებს იმ მთავარ პრობლემებზე, რომელიც წარმოადგენს არა მარტო ჩვენი ქვეყნის გამოწვევას, არამედ გამოწვევებს ევროპული უსაფრთხოებისთვის. ასევე ხაზს უსვამს, რომ ევროპაში მდგრადი სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პუნქტი. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ევროკავშირი ასე ერთხმად უჭერს მხარს ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც ჩვენმა აპარატმა მოამზადა და მთავრობასთან ერთად შეიმუშავა”,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა პირველ არხთან საუბრისას.

მისივე თქმით, ევროკავშირმა აღნიშნული რეზოლუციის მიღებით, საქართველოს მხარდაჭერა მკაფიოდ აღუთქვა.

„ეს არის ჩვენი ხმამაღალი განაცხადი იმის თაობაზე, რომ სამშვიდობო კურსი არის ურყევი. ჩვენ გაორმაგებული ძალისხმევით ვეცდებით, მივაღწიოთ მავთულხლართებით დაშორებული ჩვენი მოსახლეობის ნდობის მშენებლობას, შერიგებას, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას.  ამაში სრული მხარდაჭერა გვაქვს, რაც მკაფიოდ აღგვითქვა ევროკავშირმა“,- აღნიშნა ციხელაშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიიღო. რეზოლუციას ცოტა ხნის წინ ეყარა კენჭი და ხმათა სრული უმრავლესობით დამტკიცდა.