ქეთევან ციხელაშვილი - რეალობის აღქმა და შეფასება მნიშვნელოვანია, საკვანძო საკითხია პროცესის შესაკავებლად
ქეთევან ციხელაშვილი - რეალობის აღქმა და შეფასება მნიშვნელოვანია, საკვანძო საკითხია პროცესის შესაკავებლად

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პირველ არხთან ევროპარლამენტარების განცხადებებს აფასებს.

მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსირეს, რომ ევროკავშირში ნორმად დამკვიდრდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენიება.

ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, რეალობის აღქმა და შეფასება მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესის შესაკავებლად და კონფლიქტის მოსაგვარებლად.

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა. ევროპარლამენტი რეზოლუციებში აფიქსირებს იმ საუბედურო მოცემულობას, რომელშიც ვიმყოფებით. საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ყველა ინსტიტუცია ერთსულოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. რეალობის აღქმა და შეფასება მნიშვნელოვანია, საკვანძო საკითხია პროცესის შესაკავებლად, კონფლიქტის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად, იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც მათ შორის ევროკავშირის ფასილიტირებით აქვს ნაკისრი. ეს არის კონფლიქტის მოგვარების მთავარი მიმართულება. საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებთან და იმ ხალხთან ერთად, ვისთვისაც გადაუჭრელი კონფლიქტი ყოველდღიური გამოწვევაა, აუცილებლად გადადგამს ნაბიჯებს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა საჯად კარიმმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია,  ევროკავშირში ნორმად დამკვიდრდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენიება.