ევროპარლამენტარი - ჩვენ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად მოვიხსენიებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ტერმინები დამკვიდრდეს ნორმად ევროკავშირში
ევროპარლამენტარი - ჩვენ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად მოვიხსენიებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ტერმინები დამკვიდრდეს ნორმად ევროკავშირში

ევროკავშირი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 10 წელი გავიდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი არ არის,- ამის შესახებ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა საჯად კარიმმა განაცხადა.

ევროპარლამენტარის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, დამკვიდრდეს ევროკავშირში სწორი ტერმინოლოგია და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად მოიხსენიონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსაზღვრე, მეზობელმა ქვეყნებმა, საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღოს მკაფიო და ძლიერი სიგნალი. ევროკავშირი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ გავიდა 10 წელი და საქმე გვაქვს, ისევ მოუგვარებელი კონფლიქტთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი არ არის. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ეს ნიშნავს, რომ იმ ქვეყანამ, რომელიც ახდენს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირს განსხვავებული პოზიცია აქვს და ამ საკითხზე კომპრომისს არ დაუშვებს.

მე, როგორც საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, მხარს დავუჭერ და ჩემი დიდი სურვილია, რომ რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს მკაფიო განსაზღვრება იყოს იმის, რაც ხდება.

რეზოლუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ჩვენ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად ვაღიარებთ. ჩვენი მკაცრი და მკაფიო პოზიცია აუცილებელია. სტრატეგიულ და სპეციფიკურ საკითხებზე ტერმინოლოგიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პარლამენტში სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად მოვიხსენიებთ, მაგრამ ახლა მთავარია, რომ ეს იქცეს ნორმად, მიღებულ და დამკვიდრებულ ნორმად ევროკავშირში“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

დატოვე კომენტარი