ქეთევან ციხელაშვილი - ქეთი ქარდავამ ტერორისტული თავდასხმისას, კრიტიკულ მომენტშიც მოახერხა, შემზარავი კადრები ეჩვენებინა, რათა მეტი ადამიანი დაფიქრდეს მშვიდობაზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სახელით მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, სადაც ქეთევან ციხელაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემოლერს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და კონფლიქტით დაზარალებულ, გამყოფი ხაზის პირა სოფლებში მცხოვრებ ქალებს, ​შვილმკდარ დედებს, ქალ სამხედროებს და სახალხო დიპლომატიაში ჩართულ ქალბატონებს უმასპინძლა. მათ მინისტრმა მადლობა გადაუხადა. მიღებაზე მიწვეული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრმა ასევე, მადლობა გადაუხადა.

„აქ ბრძანდებიან უმცროსი სერჟანტი ეთო კაროლი და კაპრალი ქეთევან თევდორაშვილი. ეს ქალბატონები მსახურობდნენ სამშვიდობო მისიაში ავღანეთში და იქ იცავდნენ მშვიდობას საქართველოს სახელით.

აქ არის ჟურნალისტი ქეთი ქარდავა, რომელსაც თქვენ იცნობთ, ქალბატონო როუზ და დანარჩენებიც. ქეთი ქარდავა თავად აღმოჩნდა თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევის – ტერორისტული თავდასხმის ეპიცენტრში და ამ კრიტიკულ მომენტშიც მოახერხა, მსოფლიოსთვის ის შემზარავი კადრები ეჩვენებინა, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდეს მშვიდობაზე, მშვიდობის ფასზე და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე. მადლობა მას“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ გორის ქალთა კაპელის მომღერლებიც, რომელთა მიერ შესრულებულმა სიმღერამაც საზოგადოების, მათ შორის, როუზ გოტემოლერის მოწონება დაიმსახურა.