ქეთევან ციხელაშვილი - პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას საერთო ბიზნესპროექტების წარდგენის საშუალებას მისცემს
ქეთევან ციხელაშვილი - პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას საერთო ბიზნესპროექტების წარდგენის საშუალებას მისცემს

პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას საერთო ბიზნესპროექტების წარდგენის საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ღონისძიებას მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისების მიზნით შექმნილი ახალი საგრანტო პროგრამა უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესია.

პრეზენტაციაზე სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის ფარგლებშიც პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდება და, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზებისა და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზებას გულისხმობს.

„მოგეხსენებათ, ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას პარლამენტმა ფაქტობრივად ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. ამჟამად მთელი მთავრობა მუშაობს, რომ ამ გეგმის როგორც სამართლებრივი, ისე ინფრასტრუქტურული და ფინანსური კომპონენტები აღასრულოს. დღეს ჩვენ უმნიშვნელოვანეს ფინანსურ ინსტრუმენტს ვქმნით იმისათვის, რომ ხელოვნური ბარიკადების გასწვრივ ვაჭრობა წავახალისოთ და შეღავათი მივცეთ ხალხს, რომელიც განგრძობადი რუსული ოკუპაციის პირობებში ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ვქმნით პროგრამას, რომელსაც „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ჰქვია და, რომელიც გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, წარადგინონ საერთო ბიზნესპროექტები, 35 ათას ლარამდე კი გრანტის სახით დახმარება მიიღონ. ეს პროექტი მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, რომელსაც ასეთი ტიპის გრანტის მიღება სჭირდება, რომელსაც აქვს ბიზნესიდეა და სურს მომავალში განავითაროს.

მგონია, რომ დღეს, ამ 25 წლის განმავლობაში უპრეცედენტო ნაბიჯს ვდგამთ, რომელიც ათასობით ადამიანისათვის შესაძლოა, მართლაც ახალი შესაძლებლობების დასაწყისი იყოს. მთავარია ამას ხელოვნურად არ შეეშალოს ხელი. ახალ ინიციატივაში გათვალისწინებულია სტატუს-ნეიტრალური მექანიზმები – პირადი ნომრით რეგისტრაცია მათ ჩასართავად, ვისაც დღეს შესაძლოა, საქართველოს პასპორტი არ ჰქონდეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

პროექტის ბენეფიციარებს გრანტის მიღება 35 ათასი ლარის ფარგლებში შეუძლიათ.

გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისების მიზნით შექმნილი ახალი საგრანტო პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ პრეზენტაცია დღეს გაიმართა.