ქეთევან ციხელაშვილი - პრემიერის გამოსვლა პირდაპირ გზავნილებს შეიცავდა აფხაზებისა და ოსების მიმართ, რომ ჩვენი მომავალი მხოლოდ მათთან ერთად წარმოგვიდგენია
ქეთევან ციხელაშვილი - პრემიერის გამოსვლა პირდაპირ გზავნილებს შეიცავდა აფხაზებისა და ოსების მიმართ, რომ ჩვენი მომავალი მხოლოდ მათთან ერთად წარმოგვიდგენია

გამორჩეული, მკაფიო და პრინციპული, – ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, პრემიერმა წარმოაჩინა საქართველო, როგორც უნიკალური კულტურისა და ენის მატარებელი და ამავდროულად, ორგანულად ევროპული. ხაზი გაუსვა საქართველოს სამშვიდობო მისწრაფებებსა და ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

„ამ გამოსვლაში, რომელიც 27 სექტემბერს, ჩვენთვის ძალიან ტრაგიკულ – სოხუმის დაცემის დღეს დაემთხვა, ძალიან დეტალურად იყო აღნიშნული ის მთავარი გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. განგრძობით ოკუპაციასთან დაკავშირებით საუბარი იყო არა მხოლოდ პრობლემებზე, არამედ გამოსავლებზეც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონიშნა სწორედ ის ხაზები, რომლებიც საქართველოს კურსს განსაზღვრავს – ჩვენი მისწრაფება მშვიდობისკენ, ქვეყნის სუვერენიტეტისა და მთლიანობის პატივისცემით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით.

„გამოსვლა ძალიან პირდაპირ მოწოდებებს შეიცავდა რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მან გაიყვანოს საქართველოდან უკანონოდ განლაგებული ჯარები და შეასრულოს ნაკისრი და ხელმოწერილი ვალდებულებები. ასევე ძალიან პირდაპირ გზავნილებს შეიცავდა აფხაზებისა და ოსების მიმართ, რომ ჩვენ მომავალი მხოლოდ ერთად წარმოგვიდგენია და ვთავაზობთ არა მხოლოდ სარგებელს ჩვენი ქვეყნის განვითარებიდან, არამედ თანამონაწილეობას, რაც გამომდინარეობს ჩვენი წარსულიდან, მაგრამ ორიენტირებულია მომავალზე.

მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოსვლის დიდი ნაწილი, ამ მაღალი ტრიბუნიდან, იმის მიმოხილვას დაეთმო, რა შედეგები აქვს ადგილობრივი მოსახლეობისათვის განგრძობით რუსულ ოკუპაციასა და ჰუმანიტარულ კატასტროფას, რომელსაც იგი იწვევს. იმას რომ რეგიონები 70-80 პროცენტით დაცარიელებულია. ბევრი ადამიანი იძულებულია იქაურობა დატოვოს სწორედ განვითარების უპერსპექტივობის გამო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მოწოდება, რომ მხარდაჭერა გვჭირდება და ეს არის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების საკითხი, არამედ მთლიანად იმ სისტემის, იმ საერთაშორისო წყობის, რომელზეც ცივილიზებული სამყარო დგას“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მამუკა ბახტაძემ გაერო-ს ტრიბუნიდან მიმართა აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს და აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ მათთან ერთად წარმოუდგენია.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია, გაერო-ში სიტყვით გამოვიდეს ქართულ ენაზე, რომელიც მისი თქმით, მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი და განუყოფელი ნაწილია.