ქეთევან ციხელაშვილი - პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი 2008 წლიდან ახორციელებს, არ შევეგუებით, არ შევწყვეტთ მშვიდობიან ბრძოლას, უფრო გავძლიერდებით
ქეთევან ციხელაშვილი - პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი 2008 წლიდან ახორციელებს, არ შევეგუებით, არ შევწყვეტთ მშვიდობიან ბრძოლას, უფრო გავძლიერდებით

პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი აქ 2008 წლიდან ახორციელებს, არ ექნება არანაირი პერსპექტივა. ამას არ შევეგუებით, არ გავტყდებით და კიდევ უფრო გავძლიერდებით, არ შევწყვეტთ მშვიდობიან ბრძოლას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში განაცხადა, სადაც რუსმა სამხედროებმა სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს.

ციხელაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და სამარცხვინო უწოდა პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს.

„რაც ხდება, ეს სამარცხვინოა და აბსოლუტურად მიუღებელი. პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი აქ 2008 წლიდან ახორციელებს, არ ექნება არანაირი პერსპექტივა. ამას არ შევეგუებით, არ გავტყდებით და კიდევ უფრო გავძლიერდებით, არ შევწყვეტთ მშვიდობიან ბრძოლას. მინდა, გამოვხატო ატოცელი მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერა. დღეს რასაც აკეთებენ, არის ის, რომ შემოსაზღვრონ სამხედრო გეტო, რომელშიც ცხოვრობს 20-22 ათასი მოსახლე. ფაქტობრივად, დაცარიელებული ცხინვალის იზოლაციას ცდილობენ და ვინც იქ არის დარჩენილი, გაუსაძლის პირობებს უქმნიან.

ადამიანების 90%, რომლებსაც საოკუპაციო რეჟიმი აკავებს, ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და სჭირდებათ გადაადგილება. ამ დღეებში აღნიშნავენ კომსომოლისა და ოქტომბრის რევოლუციის იუბილეებს და 21-ე საუკუნეში პატარა ბავშვებს პიონერის ყელსახვევით, საბჭოთა ბელადების პოსტერების ფონზე ამაყად ამღერებენ საბჭოთა სიმღერებს. ეს არის ისტორიული ანომალია, აბსოლუტური უსამართლობა, რომელიც დასრულდება. წინასაარჩევნოდ ხელისუფლებასა და მოსახლეობაზეა გათვლილი, რომ დამატებითი ზეწოლის ბერკეტი იხმარონ. ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება, ეს პროვოკაციები განხორციელდეს. დავეხმარებით ამ ხალხს, რომ ჰქონდეთ ალტერნატიული შემოსავლის წყარო, რადგან მახინჯი პოლიტიკის გამო, ბევრ მათგანს საკუთარ ბაღებზე არ აქვს წვდომაფ. მეტი პროგრესითა და განვითარებით ამ მახინჯ ფორმას დავამარცხებთ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში რუსი სამხედროები დილიდან ისევ გამოჩნდნენ. სოფლის ერთ ნაწილში მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ არის გავლებული, ახლა კი ბოძების მონტაჟი დანარჩენ პერიმეტრზე მიმდინარეობს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბოძების მონტაჟს ღობის გაბმა მოჰყვება.

აღნიშნული ტერიტორია დასახლებული ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრშია და სოფლის მოსახლეობა მას საძოვრებად, ასევე სახნავ-სათეს მიწებად იყენებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ფაქტს ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები.