ქეთევან ციხელაშვილი - პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის აქტუალურია
ქეთევან ციხელაშვილი - პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის აქტუალურია

ყველა თემას განვიხილავთ და ყველა საკითხს მივუდგებით ისეთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, რომელიც პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტ მოსახლეობას ახასიათებს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პანკისის სახალხო კრების მიმართვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ის პანკისის მოსახლეობასთან ისაუბრებს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის აქტუალურია.

„რა თქმა უნდა, პანკისის მოსახლეობას შევხვდები. გავაგრძელებთ შეხვედრებს, რომლებიც ხეობაში არაერთხელ გვქონია, სწორედ იმ  სულისკვეთებით, რომლითაც ადრე ვხელმძღვანელობდით და ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რაც მოსახლეობისათვის  აქტუალურია. მათ შორის იმაზეც, თუ რა საქმიანობაა დაგეგმილი მომავალში ხეობის განსავითარებლად. მოგეხსენებათ, გვაქვს ხეობის განვითარების გეგმა, რომელშიც მოსახლეობაც ჩართულია და  მთლიანად მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარეა შედგენილი. იმედი მაქვს, რომ  ჩვენ ყველა თემას განვიხილავთ და ყველა ამ საკითხს მივუდგებით ისეთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, რომელიც პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტ მოსახლეობას ახასიათებს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

21 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით პანკისის ხეობაში „სახალხო კრება“ გაიმართა, რომელზეც მიმართვის ტექსტი შეიმუშავეს. მიმართვის ტექსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა. „მივმართავთ ხელისუფლებას, ქართულ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რათა მონაწილეობა მიიღონ 21 აპრილს პანკისის ხეობაში შექმნილი კრიზისის დაძლევაში და საკუთარი მანდატის ფარგლებში განახორციელონ პოზიტიური ინტერვენცია საკითხის თანამშრომლობის გზით მოგვარებაში. ამავდროულად, გამოვხატავთ დიდ წუხილსა და ღრმა გულისწყვეტას სოფელ ძიბახევში განვითარებული პროცესების გამო“, – აღნიშნულია მიმართვაში.