ქეთევან ციხელაშვილი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, შეზღუდული შესაძლებლობის პირობებში მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ მოსახლეობას, უკეთ გაუმკლავდნენ ინფექციას
ქეთევან ციხელაშვილი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, შეზღუდული შესაძლებლობის პირობებში მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ მოსახლეობას, უკეთ გაუმკლავდნენ ინფექციას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.

„დღეის მონაცემებით, ხაზგასმით ვამბობ, რომ იმ მონაცემებით, რასაც თავად აქვეყნებენ, აფხაზეთში 15, ხოლო ცხინვალის რეგიონში 30 ინფიცირებულია. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამ მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა“, – განაცხადა ციხელაშვილამა.

მინისტრის თქმით, მონაცემების გადამოწმების საშუალება არ აქვთ, თუმცა აშკარაა ტენდენცია, რომ მაჩვენებლები იზრდება და მნიშვნელოვანია, ყველა ზომა გატარდეს.

„ბუნებრივია, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვერ ვიტყვით, რომ სწორედ ეს არის ციფრები და არა მეტი ან ნაკლები. მაგრამ აშკარაა ტენდენცია, რომ იზრდება მაჩვენებლები. ცხადია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა გატარდეს, პროტოკოლი დაიცვან, რათა არ მოხდეს უმართავი და მასიური გადავრცელება ამ ვირუსის. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმ შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, რასაც ქმნის ოკუპაცია და ჩაკეტილობა, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მხრიდან, რომ ადგილზე დავეხმაროთ მოსახლეობას, უკეთ გაუმკლავდნენ ინფექციას.

დაწყებული იმ გამოცდილებიდან, რაც მივიღეთ ჩვენ და დანარჩენმა მსოფლიომ გამკლავებასთან დაკავშირებით, დასრულებული უშუალოდ სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებებით. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, სრული მზაობით და სურვილით, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას ორივე რეგიონიდან დიაგნოსტიკაში, უკვე ამ ინფექციის მართვაში შესაბამის კლინიკებში, რომლებიც არის განთავსებული საოკუპაციო ხაზთან ახლოსაც ორივე მიმართულებით“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, რუხის კლინიკა სრულ მზადყოფნაშია აფხაზეთიდან პაციენტების მომსახურებისთვის.

„დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილია 188 პირი. აქედან თითქმის 80-მდე პირი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობს და იღებს უფასო სამედიცინო მომსახურებას. დანარჩენი იმყოფება საკარანტინო ზონაში ან თვითიზოლაციაში“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

დატოვე კომენტარი