ქეთევან ციხელაშვილი - მსოფლიოსთვის ევროსაბჭოს კონსოლიდირებული ანგარიში რჩება ერთ-ერთ მთავარ დოკუმენტად, რომლიდანაც მისი ინფორმირება ხდება
ქეთევან ციხელაშვილი - მსოფლიოსთვის ევროსაბჭოს კონსოლიდირებული ანგარიში რჩება ერთ-ერთ მთავარ დოკუმენტად, რომლიდანაც მისი ინფორმირება ხდება

მსოფლიოსთვის ევროსაბჭოს კონსოლიდირებული ანგარიში რჩება ერთ-ერთ მთავარ დოკუმენტად, რომლიდანაც მისი ინფორმირება ხდება, – ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც 24 აპრილს ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1 344-ე სხდომაზე განიხილეს.

აღნიშნული ანგარიში 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. მასში აღნიშნულია, რომ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გაუარესებულია, რაც განპირობებულია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ზრდით. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებზე. მათ შორის, თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე, სოციალურ და ეკონომიკურ, საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებაზე.

კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის სახელით.

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის პოლიტიკას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც ვაჭრობის, განათლების და გადაადგილების ხელშეწყობით შეუძლია სარგებელი მოუტანოს მოქალაქეებს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ. ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ყველა ინიციატივას, რომლის მიზანიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ხიდების მშენებლობა და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავებაა.

„ევროსაბჭოს კონსოლიდირებული ანგარიში ნახევარ წელიწადში ერთხელ გამოდის და იგი ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი დოკუმენტია ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ, სადაც თავმოყრილია ყველა ის ბოლოდროინდელი განვითარება, რასაც ადგილი აქვს. ამ დოკუმენტში საუბარია რეგიონების მზარდ მილიტარიზაციაზე, იმ უკანონო პრაქტიკაზე, რაც ადამიანების დაკავებას უკავშირდება, ირაკლი კვარაცხელიას გაუგებარ ვითარებაში გარდაცვალებაზე უკანონო პატიმრობისას რუსულ ბაზაზე და ძალიან ბევრ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გამოწვევაზე, რომელსაც მიმდინარე ოკუპაცია გვიქმნის. მთელი მსოფლიოსთვის, დანარჩენი საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, ეს კონსოლიდირებული ანგარიში რჩება ერთ-ერთ მთავარ დოკუმენტად, რომლიდანაც მათი ინფორმირება სწორედ საერთაშორისო წყაროზე დაყრდნობით ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მომხსენებლებს ამდენი წელია რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან პრინციპულად არ ეძლევათ წვდომა უშუალოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისინი ამ ინფორმაციის თავმოყრას ახერხებენ.

როდესაც სტრასბურგში გახლდით და შევხვდი გენერალურ მდივანს, მე მას ამ ანგარიშისათვის მადლობა გადავუხადე. მგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა კონფლიქტის გადაჭრის აუცილებლობა საერთაშორისო დღის წესრიგში იდგეს. ეს მათი მხარდაჭერა და თანადგომაა და იმედს ვიტოვებ, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ ამ უზარმაზარ მილიტარისტულ მანქანას დავუპირისპირდეთ და გარკვეული მიმართულებები ხალხის საკეთილდღეოდ შემოვაბრუნოთ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ევროპის საბჭომ გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტიცა. ანგარიში 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.