ქეთევან ციხელაშვილი - მნიშვნელოვანი ამოცანაა, სახელმწიფომ აამოქმედოს ისეთი მექანიზმები, რომ ტატუნაშვილის მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს
ქეთევან ციხელაშვილი - მნიშვნელოვანი ამოცანაა, სახელმწიფომ აამოქმედოს ისეთი მექანიზმები, რომ ტატუნაშვილის მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს

არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენი ინტერესია, რომ ეს გამოძიება მაქსიმალურად ობიექტურად ჩატარდეს, რათა დადგინდეს ზუსტი გარემოებები და გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, – ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები გარდაცვალებიდან 40 დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, ტატუნაშვილის საქმეზე ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ სახელმწიფო გააკეთოს ყველაფერი, რათა ამოქმედდეს მექნიზმები, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს.

“ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ამოქმედდეს მექანიზმები, რომ მსგავსი უბედურება, ტრაგედია, რომელიც არ არის საუბედუროდ პირველი მიმდინარე ოკუპაციის დროს, აღარ განმეორდეს. მოხდეს პრევენცია ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის. ახლახანს გამართულ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე არჩილ ტატუნაშვილის საკითხი იყო მთავარი თემა. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, თუ რა მძიმე მოცემულობასთან გვაქვს საქმე. აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ხდება დღეს და ჩვენი პოზიცია ახლაც და მომავალშიც იქნება შეურიგებელი. ასევე ერთ-ერთი საკითხი გახლდათ ის, რომ ამოქმედდეს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტები, რაც მათ შორის კონფლიქტის მოგვარებამდეც იქნებოდა ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ეფექტური მექანიზმი”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.