ქეთევან ციხელაშვილი - მინდა, თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, გამოვიჩინოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, თანასწორობა გამოიხატება როგორც უფლებების, ისე პასუხისმგებლობების ნაწილში 
ქეთევან ციხელაშვილი - მინდა, თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, გამოვიჩინოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, თანასწორობა გამოიხატება როგორც უფლებების, ისე პასუხისმგებლობების ნაწილში 

ჩვენი თანასწორობა გამოიხატება როგორც უფლებების, ისე პასუხისმგებლობების ნაწილში, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქე არის თანასწორი და სახელმწიფოსთვის თანაბრად მნიშვნელოვანია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, განურჩევლად მათი ეთნიკური, თუ რელიგიური კუთვნილებისა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დავალება და მოწოდება იყო დღეს, განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისუფლებების მიმართ, რომ გაორმაგდეს ძალისხმევა, რათა თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს თანაბრად ყველა შეზღუდვა თუ შესაძლებლობა, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახელმწიფო ქმნის ჯანდაცვის, სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებით. ეკონომიკური გახსნის პირველ ნაბიჯებს ვდგამთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცხადია, ჩვენი თანასწორობა გამოიხატება როგორც უფლებების, ისე პასუხისმგებლობების ნაწილში. საქართველოს ზოგიერთ რაიონში თუ დასახლებაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე სხვადასხვა საკარანტინო ზომაა საჭირო, ზოგან უფრო მკაცრი. ეს პირველ რიგში მიმართულია იმისკენ, რომ ადგილობრივთა ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლე იყოს დაცული“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გააზრება და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა თითოეულის მხრიდან, ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვა, რომელიც მოქმედებს საგანგებო ვითარებაში, კონკრეტულ რაიონებსა თუ დასახლებებში და თანამშრომლობა თუ პატივისცემა ადამიანებისა, ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც აღასრულებენ წესებსა და რეკომენდაციებს.

„ასეთები არიან ექიმები, პოლიციელები, სხვა სამართალდამცავები, სამხედროები და ა.შ. მინდა, თითოეულ ჩვენ მოქალაქეს ვთხოვო, გამოვიჩინოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ამასთან, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, გაგრძელდება ინტენსიური საინფორმაციო კამპანია, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს თვეების განმავლობაში.

„საიტი stopcov.ge მოქმედებს სხვადასხვა ენებზე, მათ შორის აფხაზურად, ოსურად, სომხურად და აზერბაიჯანულად. ცოცხალ რეჟიმში ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, მათ შორის ეთიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეუძლიათ, მათთვის გასაგებ, მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მოძიება. მარტის დასაწყისიდან ნახევარ მილიონზე მეტი ბეჭდური მასალა კარდაკარ არის დარიგებული იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჩვენი თანამოქალაქეები. ბუნებრივია, ჩვენი სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზეც ათავსებს ამ მასალებს ცოცხალ რეჟიმში, დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, კერძოდ გუბერნატორებს პრემიერმა სთხოვა და მოუწოდა, გააორმაგონ შრომა იმისთვის, რომ საინფორმაციო კამპანია კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს, ჩვენი მოქალაქეები უფრო კარგად იყვნენ ინფორმირებული მიმდინარე პროცესებზე, მიიღონ ყველა სარგებელი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.