ქეთევან ციხელაშვილი - მავთულხლართებთან მიცვალებულის დატირება არაადამიანური მოპყრობის ღია მაგალითია
მე არ მგონია, ვინმემ, საითაც არ უნდა იდგეს პოლიტიკურად, ნახოს ეს კადრები და გულგრილი დარჩეს, რადგან ეს არის არაადამიანური მოპყრობის ღია მაგალითი,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მავთულხლართებთან მიცვალებულის დატირების კადრების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ანალოგიურ მდგომარეობაშია ყველა, ვინც ოკუპაციის ტყვეობაშია, მათ შორის აფხაზები და ოსები.
„ეს სულისშემძვრელი ვიდეო კიდევ ერთი დასტურია რაც ხდება ყოველდღე. ამ შემთხვევაში საუბარი იყო გალის მოსახლეობაზე. დამერწმუნეთ, ანალოგიურ მდგომარეობაში არიან აფხაზები და ოსები. ყველა, ვინც ფაქტობრივად ოკუპაციის ტყვეობაშია. მე ამას ხშირად ვიმეორებ და ვფიქრობ ეს ძალიან სწორი კვალიფიკაციაა”, -აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა ყირიმის ანექსიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტიც გაიხსენა.
ოკუპირებულ ცხინვალში ქართველი სამხედროს მკვლელობიდან ხვალ ზუსტად ერთი წელი სრულდება.
„შარშან, როცა აქ ვსაუბრობდით, სულ მალე მოხდა ტატუნაშვილის მკვლელობა, ეს არა მხოლოდ გვახსოვს, არამედ ყოველდღიური განცდაა. მითუმეტეს, როდესაც ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, ბაშარულის მკვლელები თავისუფლად დადიან. კრიმინალს ეროვნება არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს საერთო განზომილებით“,-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.