ქეთევან ციხელაშვილი - მავთულხლართების გასწვრივ მცხოვრები ოჯახების საჭიროებებზე მუდმივი რეაგირება ხდება
ქეთევან ციხელაშვილი - მავთულხლართების გასწვრივ მცხოვრები ოჯახების საჭიროებებზე მუდმივი რეაგირება ხდება

სოფელ გუგუტიანთკარის მაცხოვრებლების მიმართ გაცემული დაპირებების ნაწილის შესრულდა, ნაწილი კი, შესრულების პროცესშია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა აქცია-გამოფენის კომენტირებისას, რომელიც დღეს პარლამენტთან გაიმართა.

მისი თქმით, მთავრობა ასრულებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მიმართ გაცემულ დაპირებებს.

„დაპირებები გაიცა და შესრულდა. შესაძლებელია, აქციის მონაწილეებს არ ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ მათ შორის ის კონკრეტული პირობები, რომელიც გუგუტიანთკარის მაცხოვრებლების მიმართ გაიცა, ეს პირობები რა თქმა უნდა, შესრულდა და ნაწილი შესრულების პროცესშია, რადგან ცოტა გრძელვადიან სოციალურ უზრუნველყოფასაც უკავშირდება. არა მარტო გუგუტიანთკარში, ჩვენ ვსაუბრობთ მავთულხლართების გასწვრივ დაახლოებით 20 ათას ოჯახზე, რომელიც მუდმივად, 2013 წლიდან სხვადასხვა სახის დახმარებას იღებს და მათ საჭიროებებზე მუდმივი რეაგირება ხდება“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ის დღეს პარლამენტში დეტალურ ანგარიშის წარადგენს.

„დღეს მე ძალიან დეტალური ანგარიში მექნება ამასთან დაკავშირებით და მინდა, საზოგადოებამ გაიგოს. არა იმიტომ, რომ ეს კეთილი ჟესტია, ეს ჩვენი ვალდებულებაა, მაგრამ მინდა, ამ სულისკვეთებაში საზოგადოებაც შემოგვიერთდეს. უბრალოდ, ცრუ ინფორმაციისგან თავი შევიკავოთ. ეს ადამიანები ისედაც წნეხის ქვეშ არიან და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით უკეთეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდებიან“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტთან 20 ივნისთან დაკავშირებით აქცია-გამოფენა გაიმართა. აქციის მონაწილეებთან  ერთად იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარიაც. აქციის მონაწილეთა თქმით, მათ რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი ქონდათ პარლამენტში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოსმენის პარალელურად საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გამოეფინათ, თუმცა პარლამენტში ვერ შევიდნენ.

ქეთევან ციხელაშვილს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.