ქეთევან ციხელაშვილი მარნეულში ახალგაზრდებს შეხვდა
ქეთევან ციხელაშვილი მარნეულში ახალგაზრდებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად, მარნეულში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მიმოიხილა კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარება და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა.

სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე ინფორმირებული და ჩართული იყოს იმ სამშვიდობო ძალისხმევაში, რასაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. მით უფრო – ახალგაზრდები. ასეთი შეხვედრები პერიოდულად იმართება. მათ შორის უნივერსიტეტებში სხვადასხვა ჯგუფთან. მიმაჩნია, რომ შევედრების ჩატარება რეგიონებში აუცილებელია და რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ერთადერთი.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი ინფორმირება, არამედ მათი მოსაზრებებიც. სამშვიდობო პროცესი ისეთი რამ გახლავთ, სადაც მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გახდება. სახალხო დიპლომატია და მოქალაქეების ჩართულობა საკვანძოა. ძალიან ხშირად საინტერესო იდეები და პროექტები სწორედ ახალგაზრდების მხრიდან მოდის“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა ქალაქ მარნეულის მერი ზაურ დარგალი.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.