ქეთევან ციხელაშვილი - გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოსახლეობამ წინაპირობების გარეშე შეძლოს გადაადგილება
ქეთევან ციხელაშვილი - გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოსახლეობამ წინაპირობების გარეშე შეძლოს გადაადგილება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა.

ციხელაშვილის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებების გამო, იქ მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემები ექმნება.

მინისტრის განმარტებით, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადასასვლელი პუნქტების დაკეტვის შედეგად, ადამიანები სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ.

„ზოგადად ბოლო დროს, და უფრო 2008 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვართ მუდმივი პროვოკაციების ქვეშ. უმძიმესი ვითარება არის ახალგორის რაიონში და მთლიანად ცხინვალის რეგიონში. საფრთხე ექმნება, როგორც ეთნიკურად ქართველ, ასევე ოს მოსახლეობას გადაადგილების სრულად შეზღუდვისა და რეგიონის მთლიანი იზოლაციის პირობებში. საუბედუროდ, ეს ეხება იმ შემთხვევებსაც, როცა ადამიანებს სჭირდებათ სამედიცინო დახმარება. ვმუშობთ იმ საკითხზე, რომ ადამიანი, რომელიც დაშავდა, და ჩვენი ინფორმაციით მოტეხილობები და მრავლობითი დაჟეჟილობა აქვს, კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდეს,  ჩაუტარდეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ეს მისი ოჯახის სურვილია და აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო აქტორი ჩართული გახლავთ. ის სიჯიუტე, რომლითაც ასეთ და სხვა საკითებს უდგებიან, უკვე სხვა რანგში გადადის. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაჰუმანური დამოკიდებულებაა, არაკანონიერი დამოკიდებულებაა და არანაირი გამართლება არ გააჩნია. გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ წინაპირობების გარეშე მოხდეს გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, ჟენევის თანათავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადებით პირდაპირ მოუწოდეს მაკონტროლებელ ძალებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ აღადგინოს გადაადგილების შესაძლებლობა ცინვალის რეგიონის მცხორველებისთვის.

„აღნიშნული არის მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხი მათთვის, მეტსაც გეტყვით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ, აშკარაა, რომ არამარატო მთლინად საქართველოს ხელისუფლება, არამედ საერთაშორისო საზოგადოება არის ერთსულოვანი, რომ გადაადგილების შესაძლებლობის აღდგენა გადაუდებელი საჭიროებაა და არანაირი გამართლება არ აქვს მის ჩაბმას სხვა საკითხებთან, თუნდაც ასევე მნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხებთან“, -აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრი ოკუპანტების მიერ  ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებული 28 წლის ზაქარია ბუთხუზის საკითხსაც გამოეხმაურა და მას მორიგი უკანონო ფაქტი უწოდა.

„ეს არის მორიგი უკანონობა, როდესაც საქართველოს მოქალაქის დაკავება ხდება სრულიად უკანონოდ. ამ ეტაპისთვის გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ოპერირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ცხელი ხაზის მეშვეობით გაგრძელდება კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ქართული მხარის მოთხოვნა გახლავთ, რომ მოხდეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან. ველოდებით, ეს ასეც მოხდება“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.