ქეთევან ციხელაშვილი - ეთნიკური უმცირესობებისთვის სტაჟირება იწყება
ქეთევან ციხელაშვილი - ეთნიკური უმცირესობებისთვის სტაჟირება იწყება

მთავრობა 1+4 პროგრამაში მონაწილე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, პროგრამაში მონაწილე დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ან კურსდამთავრებული ახალგაზრდები საჯარო უწყებებში გაივლიან სტაჟირებას.

„ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და პრიორიტეტი გახლავთ სამოქალაქო ინტეგრაცია. საზოგადოება, სადაც თითოეული მოქალაქე არის თანასწორი, თითოეული მოქალაქის შესაძლებლობები არის რეალიზებული. სახელმწიფოს პრიორიტეტია ასევე, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიეცეს ეთნიკური უმცირესობების ჩართვას ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

პროგრამა დადგინდა და განისაზღვრა სპეციალური პროგრამის მონაწილეებისთვის. არსებობს 1+4 პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც არაქართულენოვან სკოლებს ამთავრებენ, სწავლობენ ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენას, სახელმწიფო ენას და შემდეგ სახელმწიფო ენაზე აგრძელებენ განათლების მიღებას. სწორედ 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის, ან დამამართავრებელი კურსის სტუდენტებისთვის ჩვენ ვხსნით საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების შესაძლებლობას“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი თქმით, საპილოტე პროგრამა უკვე განხორციელდა წლის დასაწყისში, სადაც 65-მა ახალგაზრდამ სტაჟირება გაიარა 20 საჯარო უწყებაში და შედეგები იყო ძალიან პოზიტიური.
„დღეს გადავწყვიტეთ, რომ ამისთვის მიგვეცა სამართლებრივი ფორმა, აგვეღო ვალდებულება და ვფიქრობთ, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.