ქეთევან ციხელაშვილი - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას, გადადგან პირველი ნაბიჯი დასაქმებისკენ
ქეთევან ციხელაშვილი - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას, გადადგან პირველი ნაბიჯი დასაქმებისკენ

​ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას, განივითარონ უნარები, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და რაც მთავარია, გადადგან პირველი ნაბიჯი დასაქმებისკენ, იყვნენ ჩართულნი ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და წარმატებულნი თავიანთ პროფესიულ კარიერაში, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, 1+4 პროგრამის“ მოსარგებლე პირებისათვის სტაჟირების განახლებული პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ პროექტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს გაერო-ს ასოციაციასთან და საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან ერთად ახორციელებს. მისი მიზანია, ახალგაზრდების დასაქმების წახალისება, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.

პროექტი გასულ წელს, სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინიციატივით, საპილოტე რეჟიმში განხორციელდა. „1+4 პროგრამით“ მოსარგებლე ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, სახელმწიფო უწყებებში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, სტაჟირება მათთვის საინტერესო მიმართულებით გაევლოთ.

„1+4 საგანმანათლებლო პროგრამა“ ითვალისწინებს აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებასა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები ერთი წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო კურსს, რის შემდგომაც სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტაჟირების საპილოტე პროგრამის მონაწილეები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოციალური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თამარ სირბილაძე და საქართველოს გაერო-ს ასოციაციის PITA-ს პროგრამის ხელმძღვანელმა ლაშა ჯუღელი.

„სახელმწიფომ განახორციელა სპეციალური პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის, რომელთაც საშუალება ექნებათ, სტაჟირება გაიარონ სხვადასხვა სახელმწიფო საჯარო უწყებაში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, ასევე მათ ქვეუწყებებში.

„ეს პროგრამა დამტკიცებული გახლავთ მთავრობის მიერ 2017 წლის დეკემბერში. საპილოტე პროექტი, პარტნიორებთან და დონორებთან ერთად, შარშან უკვე განვახორციელეთ. იგი წარმატებული აღმოჩნდა და მის ფარგლებში 65-მა ახალგაზრდამ – „1+4 პროგრამის“ კურსდამთავრებულებმა და ასევე, დამამთავრებელი კურსების სტუდენტებმა სტაჟირება ოც სხვადასხვა საჯარო უწყებაში გაიარეს.

ამ წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით სახელმწიფომ მოახდინა პროგრამის ინსტიტუციონალიზაცია და დღეს ჩვენ უკვე ვაცხადებთ კონკურსს ყველა დაინტერესებული პირისათვის, რომელიც „1+4 პროგრამაშია“ ჩართული. მათ ექნებათ გაცილებით ფართო შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტ საჯარო უწყებაში, ბევრად მეტ ვაკანსიაზე გაიარონ სტაჟირება“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღეიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადის ფორმა, 31 მარტამდე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე უნდა შეავსონ.

სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. მიღება წელიწადში ორჯერ გამოცხადდება.