ქეთევან ციხელაშვილი - ერთადერთი გზა, რომ დაცული ოყოს აფხაზების იდენტობა, არის ჩვენთან ერთად საერთო ევროპული გზით მოძრაობა
ქეთევან ციხელაშვილი - ერთადერთი გზა, რომ დაცული ოყოს აფხაზების იდენტობა, არის ჩვენთან ერთად საერთო ევროპული გზით მოძრაობა

ერთადერთი გზა, რომ დაცული ოყოს აფხაზების ენა და იდენტობა, არის ჩვენთან ერთად საერთო ევროპული გზით მოძრაობა, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

„რეალურად, აფხაზეთში მდგომარეობა მართლაც ძალიან მძიმეა და განსხვავდება იმ მოლოდინებისგან, რომელიც შეიძლება ვინმეს ჰქონოდა, თუნდაც 10 ან 25 წლის წინ. შექმნილი ვითარება მძიმეა, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე ჰუმანიტარული, კრიმინოგენური, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. არსებული ვითარება ძალიან სერიოზულ რისკებს შეიცავს როგორც აფხაზების, ასევე იქ მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის იდენტობისთვის“, – აცხადებს ციხელაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, მომავლისკენ ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„ჩვენი ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივებს, თუ ექნება უკუგება, აუცილებლად შევძლებთ გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც წაადგება მოსახლეობას, აფხაზებსაც და ოსებსაც, მათ სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას. ვაჭრობის წახალისებით, უკეთესი განათლებით, სოფლის მეურნეობით, ჯანდაცვის ეკოლოგიის სფეროში არის ძალიან ბევრი შანსი და ძალიან მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რომ დამოუკიდებლობასთან არსებულ ვითარებას არანაირი საერთო არ აქვს. ეს არის რუსეთზე დამოკიდებულების 10 წელი, მზარდი რუსიფიკაციის ტენდენციით, რასაც აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი აცნობიერებს და სამართლიანად არის უკმაყოფილო.

ის, რომ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა ასადის რეჟიმმა აღიარა, ნაურუსთან, ვენესუელასთან და ნიკარაგუასთან ერთად, ვერ იქნება კმაყოფილების საბაბი ამ საზოგადოებისთვის. ამიტომ, მომავლისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები და ერთადერთი გზა, რომ დაცული ოყოს აფხაზების ენა და იდენტობა, არის ჩვენთან ერთად საერთო ევროპული გზით მოძრაობა“, – აცხადებს ციხელაშვილი.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ „ოპოზიციური ძალების ბლოკის“ შეკრებაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებაში უპასუხისმგებლო ადამიანები იმყოფებიან, რომლებმაც მართვა არ იციან და ვითარება თუ არ გამოსწორდება, მათ „მუხლებზე დადგომა და საქართველოს ან რუსეთისთვის მათ შემადგენლობაში მიღების თხოვნა მოუწევთ“.