ქეთევან ციხელაშვილი - ჟენევის თანათავმჯდომარესთან ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება ფორმატის უფრო აქტიურად გამოყენება, რათა ოკუპაციის პირობებში ადამიანები ასე მძიმედ არ განიცდიდნენ ამ ტვირთს
ქეთევან ციხელაშვილი - ჟენევის თანათავმჯდომარესთან ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება ფორმატის უფრო აქტიურად გამოყენება, რათა ოკუპაციის პირობებში ადამიანები ასე მძიმედ არ განიცდიდნენ ამ ტვირთს

ჩვენი თანამოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით უკვე ჩართულია ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით და მიმდინარეობს კომუნიკაცია მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისათვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა 15 მაისს ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე ქუთაისის მკვიდრის დაკავებასთან დაკავშირებით განუცხადა.

„სამწუხაროდ და საუბედუროდ ეს კიდევ ერთხელ გახლავთ ის მორიგი დაკავება, რაც უკვე 2008 წლიდან 10 წლის განმავლობაში იქცა ძალიან მძიმე პრაქტიკად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ე.წ. ჯარიმებისა და გადასახადების გადახდის შემდეგ ხდება ხოლმე ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება. ამ ეტაპზე, ცხადია, ჩვენი ამოცანა გახლავთ, რომ რაც შეიძლება მალე და რა თქმა უნდა, უსაფრთხოდ მოხდეს ამ მოქალაქის გათავისუფლება. პოლიტიკური შეფასება და რეაგირება, ბუნებრივია, ამ ფაქტს აქვს ზუსტად ისეთი, როგორიც ყველა სხვა მსგავს ფაქტს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ საბოლოოდ დასრულდეს ეს“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თქმით, ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის მიღწევისა და ოკუპაციის პირობებში ადამიანებისთვის ტვირთის შემსუბუქების გზებზე ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარესთან შეხვედრაზეც იმსჯელა.

„მე დღეს ჟენევის თანათავმჯდომარესთანაც მქონდა შეხვედრა, სადაც ზოგადად მიმოვიხილეთ არსებული მდგომარეობა, ის ვითარება, რომელიც ყველაზე მძიმედ აისახება ადამიანებზე, მათ უფლებებზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე. ერთად ვმსჯელობდით, როგორ შეიძლება ჟენევის ფორმატის კიდევ უფრო აქტიურად და ეფექტურად გამოყენება სხვა საშუალებებთან ერთად, რათა ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხებზე მაინც გვქონდეს პროგრესი და ადამიანები ამ მომდინარე ოკუპაციის პირობებში ასე მძიმედ ყოველდღიურად არ განიცდიდნენ ამ ტვირთს“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.