ქეთევან ციხელაშვილი - დღეს გარკვევით ვთქვი, რომ რუსი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ ოკუპირებულ და არა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე
დღეს გარკვევით ვთქვი, რომ რუსი ჯარისკაცები ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და არა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მინისტრის თქმით, გავრცელდა ზოგი მართებული და ზოგიც არამართებული, მცდარი ინფორმაცია.
„ვინც ავრცელებდა, არ ვიცი ამას მიზანმიმართულად აკეთებდა თუ არაშეცნობით, მაგრამ ნამდვილად აკეთებდნენ პროვოკაციულ განცხადებებს, რომლებიც მოსახლეობაში პანიკას თესავდა. რუსი ჯარისკაცები, ჩვენი ინფორმაციით, იყვნენ საოკუპაციო ხაზს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქ, სადაც საუბედუროდ 2008 წელს შემოვიდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია და როდესაც შეიარაღებული ადამიანები დასახლებულ პუნქტებთან და ფაქტობრივად გაყოფილ სოფელში ახლოს ჩნდებიან, რა თქმა უნდა, მოსახლეობისათვის ეს შეიძლება შეშფოთების საფუძველი იყოს. მაგრამ იქ, ადგილზე, მობილიზებული იყვნენ საქართველოს სამართალდამცველები, უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გაკეთდა არაერთი განმარტება, რომ არ ჰქონია ადგილი რუსი ჯარისკაცების გადმოსვლას, ან მცდელობას კონტროლირებად ტერიტორიაზე, არც რაიმე დამატებითი მონაკვეთის მშენებლობის ეპიზოდს და არც რაიმე სხვა ტიპის ინციდენტს. ამიტომ, განცხადებები, რომლებიც ზოგიერთი აქტივისტის მხრიდან ვრცელდებოდა, რომ შემოიჭრნენ და რაღაც უბედურება ხდება, მხოლოდ პროვოცირებდა დაძაბულობას“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, როგორც პოლიტიკოსები არიან ვალდებულნი, რომ პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, თავიდან იყოს არიდებული ნებისმიერი პროვოკაცია, ისე – ნებისმიერი მოქალაქე და მით უფრო ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ აქტივისტები და აქტიური მოქალაქეები არიან.
„კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ და ვიცი, რომ ამ ინფორმაციას არასწორ კონტექსტში ბევრი ავრცელებს – გარკვევით ვთქვი, რომ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ჯარისკაცები. ისინი იქ აღარ იმყოფებიან. ამისათვის ყველაფერი გაკეთდა.
მინდა, მოვუწოდო ადამიანებს თუ ჯგუფებს, რომლებიც ზოგჯერ ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით თუ მიზანმიმართულად პროვოკაციულ განცხადებას აკეთებენ, რომ ისედაც რთულ მდგომარეობაში, როდესაც ქვეყანა იმყოფება მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, თავი შეიკავონ და მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ საკითხებს, რადგან ჩვენ რაღაც თემებზე არ ვსაუბრობთ.
ეს სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების თემები. ამიტომ, როგორც პოლიტიკოსები არიან ვალდებულნი, რომ პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, თავიდან იყოს არიდებული ნებისმიერი პროვოკაცია, ისე ნებისმიერი მოქალაქე და მით უფრო ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ აქტივისტები და აქტიური მოქალაქეები არიან. იქნებ, აღვიჭურვოთ ამ პასუხისმგებლობით და ამ ქვეყანას ვაკმაროთ, რა უბედურებებიც გადაგვხდა თავს. დღეს სამების ეზოდან გესაუბრებით, სადაც გადმოსვენებული არის შეიარაღებული კონფლიქტის 12 მსხვერპლი, რომელიც 26 წელი დაკარგულად ითვლებოდა. აღარ გვინდა, ჩვენ დაღუპული ახალგაზრდები, ქალები, მამაკაცები და ბავშვები. აღარ გვინდა, აღარ დავუშვებთ ომს. მინდა ეს ყველამ კარგად გაიგოს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სოციალურ ქსელში დღეს ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.
ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.
ამასთან, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში აცხადებენ, რომ პროვოკაციების მოწყობა მიუღებელია და დღევანდელი მდგომარეობა ინტერნეტში ხელოვნურად გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ გამოიწვია.