ქეთევან ციხელაშვილი - დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, რომლებიც არიან სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები, დავით გარეჯის საკითხი გადაწყდება ორივე მხარისთვის მისაღებად
ქეთევან ციხელაშვილი - დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, რომლებიც არიან სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები, დავით გარეჯის საკითხი გადაწყდება ორივე მხარისთვის მისაღებად

ყველამ საშუალება უნდა მივცეთ, რომ მეგობარმა და მეზობელმა სახელმწიფოებმა სწორედ ასე, სამუშაო რეჟიმში, სპეციალური კომისიის ფარგლებში განიხილონ ეს ძალიან სენსიტიური, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა დავით გარეჯის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„ნამდვილად ვიცი, რომ დაგეგმილია კომისიის შეხვედრის მალე გამართვა. კარგია, რომ აღდგა კომისიის მუშაობა და ვფიქრობ, ყველამ საშუალება უნდა მივცეთ, რომ მეგობარმა და მეზობელმა სახელმწიფოებმა სწორედ ასე, სამუშაო რეჟიმში, სპეციალური კომისიის ფარგლებში, რომელიც უკვე ბევრი წელია, არსებობს, განიხილოს ეს ძალიან სენსიტიური, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ორივე მხარისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, რომლებიც არიან სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები და თანამშრომლობისა და ურთიერთობების ძალიან ბევრი პლასტი აკავშირებთ არამარტო ისტორიულად, არამედ ამჟამინდელ რეალობაშიც და მომავალშიც, ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება ორივე მხარისთვის მისაღებად. ვფიქრობ, სწორედ ამ კომისიის მუშაობას უნდა დაველოდოთ. მესმის ადამიანების სენტიმენტები. ეს სენტიმენტები ყველას აქვს და ვფიქრობ, ყველაზე სწორი ის არის, რომ ასეთი სამუშაო რეჟიმით განვიხილოთ ეს საკითხი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.