ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ამოცანაა გამყოფ ხაზებზე გადაადგილების გამარტივება
ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ამოცანაა გამყოფ ხაზებზე გადაადგილების გამარტივება

ინიციატივები, რომელზეც პრემიერი საუბრობდა, ნამდვილად არის მიმართული იქითკენ, რომ შეიქმნას დამატებითი შესაძლებლობები იგივე ვაჭრობის გამყოფი ხაზების გასწვრივ, რაც აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან ბევრი შეზღუდვის ფონზე.

„ჩვენი ამოცანაა, გავამარტივოთ ეს პროცესი, რაც გადაადგილების გამარტივებასთანაც არის  დაკავშირებული. ეს ინიციატივები ასევე ეხება განათლებას. ეს საინტერესოა ახალგაზრდებისთვის და გულისხმობს ხარიახიან განათლებაზე წვდომას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. ახალგაზრდების ბედი, მათ შორის ოკუპირებულ ეტრიტორიაზე მცხოვრებლების, ჩვენთვის სულ ერთი ვერ იქნება. ამიტომ განათლების შესაძლებლობების მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით,  ინიციატივები ასევე  გულისხმობს სხვადასხვა სერვისის წვდომის გამარტივებას – მაგალითად, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის გამარტივება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით სარგებლობაში.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა,  ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკა სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა იმ პროცესების ფონზე, რომელსაც აქვს ადგილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, მავთულხლართების პირობებში, როდესაც ადამიანებს ექმნებათ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური, ჰუმანიტარული პრობლემები.

„ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომელიც ეხმიანება მოსახლეობის ჰუმანიტარულ და პრაგმატულ ინტერესებს, გამიზნულია, რომ გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა, ხელი შეეწყოს კონტაქტებს, რომლის საჭიროება არსებობს გამყოფი ხაზების გასწვრივ მიუხედავად იმ ხელოვნური დაბრკოლებებისა, რაც მათ ხელს უშლის. არსებობს იმის საჭიროება, რომ საფუძველი მოვამზადოთ კონფლიქტის სრულმაშტაბიანი მომზადებისთვის და ჩვენი საზოგადოებების შერიგებისთვის.

გუშინ, პარლამენტში გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებთან მიმართებაში პარლამენტს თამამი გადაწყვეტილებების პაკეტს წარუდგენს.

მისი თქმით, ამ ნაბიჯებით უფრო მეტი რეინტეგრაცია მოხდება მოსახლეობასთან, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე, მათ მიეცემათ საშუალება, რომ ყველა ის პოზიტივი გამოიყენონ, რაც დღეს საქართველოში იქმნება და მეტად იყვნენ ჩართული ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში.